17 მაისს მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კაპოტნეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
მედიის ცნობით, უპილოტო აპარატების შეტევამ ქარხანას უმნიშვნელო ზიანი მიაყენა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, საწარმოს მუშაობის შეჩერება გადაწყდა.
სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, ქარხნის ხელახლა ამუშავებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
„გაზპრომნეფტს“, რომელსაც კაპოტნეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა ეკუთვნის, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
17 მაისს უკრაინის სამხედროებმა ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
მოსკოვში დარტყმები განხორციელდა კაპოტნესა და ზელენოგრადზე, სადაც განთავსებულია რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც სამხედრო მრეწველობას უკავშირდება.
ცნობისთვის, 2022 წელს მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ კაპოტნეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის პროდუქცია მოსკოვის საწვავის ბაზრის 40%-ზე მეტს შეადგენს. მოსკოვისა და მოსკოვის ოლქისთვის საწვავის მიწოდების კიდევ ერთი მთავარი საწარმო რიაზანის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაა. მან მუშაობა 15 მაისს დრონების თავდასხმის შემდეგ შეაჩერა.

