კუბის პრეზიდენტის მიგელ დიას-კანელის განცხადებით, კუბის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს, რაც რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას გაუთვალისწინებელ შედეგებს მოუტანს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა დიას-კანელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კვირას Axios-მა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილა მათი გამოყენების გეგმები გუანტანამოს ყურეში განლაგებულ აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტზე თავდასხმისთვის.
Reuters-ი წერს, რომ კუბაში სიტუაცია სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მას ენერგომომარაგება შეუწყვიტა. ბოლო კვირების განმავლობაში საწვავი ამოიწურა და ელექტროენერგია ხშირად დღეში მხოლოდ ერთი ან ორი საათით არის ხელმისაწვდომი.

