აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ ფარულად სამხედრო დარტყმები განახორციელა – “უოლ სთრით ჯორნალი“

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ ფარულად სამხედრო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, დარტყმები, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საჯაროდ არ უღიარებია, მოიცავდა სპარსეთის ყურეში მდებარე ირანის კუნძულ ლავანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევას.

„უოლ სთრით ჟორნალის“ ინფორმაციით, თავდასხმა აპრილის დასაწყისში მოხდა, ამავე პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ზავი გამოაცხადა.

სტატიის მიხედვით, ირანში განაცხადეს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მტრის სამიზნე გახდა, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ქუვეითის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით შეტევების სერია განხორციელდა.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, აშშ-ს, ლავანის კუნძულზე შეტევის გამო, უკმაყოფილება არ გამოუხატავს, რადგან ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული ზავი ძალაში შესული არ იყო. ამასთან, თეთრი სახლი ხმაურის გარეშე მიესალმა საამიროებისა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უწყებაში ჟურნალისტებს გაახსენეს ქვეყნის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ აბუ-დაბი იტოვებს უფლებას მტრულ ქმედებებს უპასუხოს, მათ შორის სამხედრო გზით.

„უოლ სთრით ჯორნალის“ მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, საერთო ჯამში, იერიშები 2 800 დრონითა და რაკეტით მიიტანა.

გამოცემის შეფასებით, ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევებია. ირანის თავდასხმებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს საამიროების ავიაგადაზიდვებს, ტურიზმსა და უძრავი ქონების ბაზარს.

„გარდა ამისა, ამ შეტევებმა ქვეყნის სტრატეგიული კურსის ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვია: ირანი ახლა განიხილება, როგორც იზოლირებული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს, დააზიანოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური და სოციალური მოდელი, რომელიც დაფუძნებულია უცხოელი სპეციალისტების მოზიდვასა და უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის რეპუტაციაზე“,- წერს „უოლ სფრით ჯორნალი“.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ძლიერი სამხედრო ავიაცია ჰყავს, მათ შორის ფრანგული „მირაჟის“ ტიპის გამანადგურებლები, ასევე თანამედროვე ამერიკული F-16-ები, ხოლო სამხედრო პილოტები მაღალი დონის მომზადებით გამოირჩევიან.

იტვირთბა....