აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვის ბაუმანის უნივერსიტეტის გასაიდუმლოებული მე-4 განყოფილება რუსეთის დაზვერვისთვის ჯაშუშ-ჰაკერებს ამზადებს – საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება: მოსკოვის ბაუმანის უნივერსიტეტის გასაიდუმლოებული მე-4 განყოფილება რუსეთის დაზვერვისთვის ჯაშუშ-ჰაკერებს ამზადებს – ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა [Le Monde, Der Spiegel, The Insider და სხვები] გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეფუძნება ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაჟონილ 2000-ზე მეტ შიდა დოკუმენტს.

ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს სქემა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის პრესტიჟულ უნივერსიტეტში რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსთვის [GRU] ჯაშუშ-ჰაკერებს ამზადებენ.

მოპოვებული მასალების თანახმად, უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს გასაიდუმლოებული „მე-4 განყოფილება“, რომელიც კადრებს სპეციალურად რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ამზადებს.

მომზადება სამი მიმართულებით მიმდინარეობს: „სპეციალური სადაზვერვო სამსახური“, „ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოება“ და „საინფორმაციო და ტექნიკური ზემოქმედების საშუალებების გამოყენება და მათგან თავდაცვა“.

ამ განყოფილების კურსდამთავრებულები ხდებიან 26165-ე სამხედრო ნაწილის თანამშრომლები, რომელიც ცნობილია ჰაკერული ჯგუფების სახელით — FancyBear ან APT28.

26165-ე სამხედრო ნაწილი დაკავშირებულია ევროკავშირის ინსტიტუტებზე განხორციელებულ კიბერშეტევებთან, 2017 წლის საფრანგეთის არჩევნებში ჩარევასთან, ტელეკომპანია TV5 Monde-ის გატეხვასა და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებთან. გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი სპეცსამსახურების დანაყოფებში ყოველწლიურად 10-დან 15-მდე კურსდამთავრებულს გზავნის.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მხოლოდ 2024 წელს, კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სულ მცირე 16-მა კურსდამთავრებულმა შეავსო სადაზვერვო სამსახურების რიგები.

მე-4 განყოფილების“ სასწავლო პროგრამა მოიცავს პენტაგონის ქსელების არქიტექტურის შესწავლას, ვირუსების შემუშავებას, DDoS შეტევების ორგანიზებასა და ა.შ.

სამხედრო ნაწილი 74455 პასუხისმგებელია უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებზე [2015 წელი], აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა [2016 წელი] და პოლონეთზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე [2025 წელი].

ბაზების მდებარეობა: ანაპა [ERA-ს ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან ახლოს], სევასტოპოლი [სამხედრო ნაწილი 62174] და კურსკი [სამხედრო ნაწილი 48707, კვლევითი ცენტრი 11135].

სტრუქტურა: ეს დანაყოფები „საინფორმაციო ოპერაციების ძალების“ შემადგენლობაში შედიან. სასწავლო კურსები მოიცავს ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას, სოციალური მედიისთვის მანიპულაციური კონტენტის შექმნასა და საინფორმაციო ომის სტრატეგიებს.

უნივერსიტეტში სამხედრო დაზვერვის სპეციალისტების მომზადების პროგრამას ხელმძღვანელობს ვიცე-პოლკოვნიკი კირილ სტუპაკოვი. გამოძიების თანახმად, ის პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებს დაზვერვაში მუშაობას, სადაც 2025 წლის ივლისამდე სათავეში ედგა 45807-ე სამხედრო ნაწილს.

სასწავლო კურსი, რომელიც სტუპაკოვისა და სხვა ოფიცრების მიერაა შემუშავებული, მოიცავს ფარულ მიყურადებას, მიკროფონების გამოყენებასა და დისტანციური თვალთვალისთვის განკუთვნილ პროფესიონალურ ოპტიკას. იგი ასევე ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო ტექნიკაში (მაგალითად, კვამლის დეტექტორებში) მინი-კამერების დამონტაჟების შესწავლას.

გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, “მე-4 განყოფილების” სასწავლო პერსონალისა და სერტიფიცირების კომისიებში მონაწილეობენ მაღალი რანგის დაზვერვის ოფიცრები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან საერთაშორისო კიბერდანაშაულთან და სანქციების სიებთან.

სასწავლო პრიორიტეტები მოიცავს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, FBI-ის და NSA-ს სტრუქტურისა და მოქმედების პრინციპების დეტალურ შესწავლას.

იტვირთბა....