“ფანტომური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა: როგორ ეხმარება საქართველო პუტინს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ამ სათაურით ნიდერლანდური ანალიტიკური და მედია პლატფორმა ყულევის პორტის შესახებ კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს.
საგამოძიებო სტატიის მიხედვით, საქართველო შესაძლოა რუსეთისთვის ნავთობზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ არხად გამოიყენებოდეს.
ექსპერტების შეფასებით, რუსული ნავთობპროდუქტები შესაძლოა “ქართულ პროდუქტად” გარდაიქმნებოდეს და ევროპულ ბაზარზე ამ გზით გადიოდეს – “ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ობიექტი რუსულ ნავთობპროდუქტებს ისე ყიდის, თითქოს ისინი ქართული იყოს, რამაც პორტი ევროკავშირის სანქციების რისკის ქვეშ დააყენა”.
სტატია ყურადღებას ამახვილებს რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესკავშირებზე, “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერებზე და ექსპორტის რეკორდულ ზრდაზე, რის გამოც ყულევის ტერმინალი ევროკავშირის შესაძლო სანქციების რისკის წინაშეც აღმოჩნდა.
“ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახს კავშირები აქვს რუსეთთან და „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებმა ნავთობი მიაწოდეს ობიექტს. […]
ასათიანმა დააარსა Black Sea Petroleum ყულევში ქარხნის ასაშენებლად (რომელიც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის).
2024 წელს პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრი კობახიძე წინა რიგში იჯდა ასათიანთან, მის უფროს ვაჟთან, კახა ჟორდანიასთან და მეუღლესთან, გოგელიასთან ერთად. ეს უკანასკნელი „შავი ზღვის ნავთობპროდუქტების“ ფაქტობრივ მფლობელად ითვლება, მანამდე კი რუსეთში კომპანიები „ნეფტრესურსი“ და „არქტიკული ბუნკერი“ დააარსა.
კახა ჟორდანია ასევე დაკავშირებულია რუსეთის ნავთობბიზნესთან,” – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში მოყვანილი აქვთ საქსტატის მონაცემებიც და წერენ, რომ არადამაჯერებელია რომ 2026 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტზე 56 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა, რომლებიც, ადგილობრივი წარმოების იყო.
“2026 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტირებული აქვს 56 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები, რომლებიც, მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,300%-ით მეტია,” – წერია სტატიაში.

