აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-დან ველოდებით დელეგაციებს, სასიხარულოა, რომ ამერიკის მხრიდან იდგმება ნაბიჯები, რათა იყოს შეხვედრების და პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა” – მაკა ბოჭორიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ველოდებით დელეგაციებს, ამ კვირაში გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს – სად ვართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, სადაც კიდევ უფრო მეტად სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ერთი სიტყვით, არის გარკვეული დინამიკა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების განხილვა და თანამშრომლობის ფორმატზე მუშაობა.

„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები და დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერავინ ვერ უარყოფს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურად. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური ინტერესი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული თუ გაუქმებული, რა თქმა უნდა, გვაქვს ინტერესი, რომ ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ჩვენს ინტერესებზე – რა ინტერესები აქვს საქართველოს, რა ინტერესები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სად არის გადაკვეთის წერტილები და რა არის ის ჩარჩოები, რაშიც ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა განვავითაროთ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუშაობა. სჭირდება ძალიან ბევრი გაცვლა პოზიციების და ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რათა იყოს ამ შეხვედრების და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

იტვირთბა....