აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა ამჟამად არ ემთხვევა ევროპის პოლიტიკას, ამიტომ შესაძლოა, ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლება მოუწიოს” – ფინეთის პრეზიდენტი

აშშ-ის პოზიციის გამო, შესაძლოა ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლება მოუწიოს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

გაზეთ Helsingin Sanoma-თან ინტერვიუში სტუბმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა ამჟამად არ ემთხვევა ევროპის პოლიტიკას.

„ევროპაში რუსეთი უსაფრთხოების უდიდეს საფრთხედ ითვლება, ხოლო შეერთებულ შტატებში ის აუცილებლად ასე არ აღიქმება“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გარკვეულ მომენტში „ევროპის ინტერესებში იქნება რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა“.

„ეს, სავარაუდოდ, დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება თუ არა აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის ან უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებს. პასუხი თუ უარყოფითია, მაშინ, სავარაუდოდ, ჩვენ ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც რომელიმე ევროპელმა ლიდერმა პრეზიდენტ პუტინთან კოორდინირებული ურთიერთქმედება უნდა სცადოს. ევროპელ ლიდერებს შორის ეს დისკუსია ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა სტუბმა.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა ევროპის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეკავებაში უკრაინის როლზე ისაუბრა.

„ამჟამად უკრაინას ევროპაში ყველაზე დიდი და თანამედროვე არმია ჰყავს. ევროპას უკრაინა სჭირდება რუსეთის შესაკავებლად, რადგან ომის დასრულების შემდეგაც კი რუსული საფრთხე არ გაქრება. ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ უკრაინა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდებოდა“, – აღნიშნა სტუბმა.

სტუბის თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა.

„ღირებულებები განსხვავებულია და ინტერესები უფრო მეტად ეკონომიკაზეა ორიენტირებული. ნაკლებია დამოკიდებულება საერთაშორისო ინსტიტუტებზე და მოკავშირეების შეხედულებები ნაკლებად არის გათვალისწინებული. ეს არის თანამედროვე რეალობა“, – განაცხადა სტუბმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც აშშ-ის მიერ გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილებას ეხებოდა, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრის რეაქცია სრულიად ადეკვატური იყო.

„ევროპის უსაფრთხოება ამჟამად გარდამავალ პერიოდს გადის. მაგალითად, გერმანია საკუთარ თავდაცვაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს. გაზვიადება იქნება იმის თქმა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები განადგურდება, თუ აშშ გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს“, – აღნიშნა სტუბმა.

იტვირთბა....