აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მჯერა, როდესაც საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ევროპული გზა არის მომავალი, მკაფიო ამბიცია და შემდეგ იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც დაკმაყოფილდება, მაშინ პროცესი თავიდან დაიწყება“ – ხორვატიის პრემიერი

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დღის წესრიგში არსებული თემები ნათლად ასახავს მიმდინარე გლობალურ ვითარებას, მნიშვნელოვან ევროპულ საკითხებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დადებითი სიგნალია მასპინძელი ქვეყნისა და პრემიერ-მინისტრისთვის.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი გზავნილია სომხეთისთვის. ის ფაქტი, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი პირველად იმართება ერევანში, მნიშვნელოვანი სიგნალია. ასევე, ევროკავშირი-სომხეთის სამიტი მნიშვნელოვანი სიგნალია სომხეთისთვის. ვფიქრობ, დღის წესრიგში არსებული თემები ნათლად ასახავს მიმდინარე გლობალურ ვითარებას, მნიშვნელოვან ევროპულ საკითხებს, იქნება ეს კონკურენტუნარიანობა, დაკავშირებადობა, ენერგეტიკა, ტექნოლოგიური განვითარება თუ მიგრაციის საკითხები. მჯერა, ეს ძალიან დადებითი სიგნალია მასპინძელი ქვეყნისა და პრემიერ-მინისტრისთვის“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ წარმოგიდგენიათ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა? საქართველო ამ დერეფანში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. როგორ ხედავთ ამ დერეფნის როლს?“, ხორვატიის პრემიერმა უპასუხა:

„ერთი კვირის წინ ხორვატიამ უმასპინძლა სამი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი ქვეყნების ჯგუფის სამიტს, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 13 წევრს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს იყო ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის ამ ნაწილს, რომელიც გარკვეულწილად ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგია, სჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება მსოფლიოს სხვა ნაწილებთან. ამის გაკეთების ორი გზაა: „შუა დერეფანი“, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის დერეფანი. ეს ორი ასპექტი ძალიან ბევრჯერ იყო ნახსენები. ამიტომ, მჯერა, ენერგიის, ტვირთების ტრანსპორტირება, ღიაობა, ტრანზიტი, შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის ამ ნაწილში განვითარებისა და მშვიდობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ ქვეყნებს შორისაა“.

კიდევ ერთ კითხვაზე, „ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი დიალოგი საქართველოსთან, როგორც ერთადერთ ქვეყანასთან ამ საზღვარზე სამხრეთ კავკასიაში“, ხორვატიის პრემიერმა განაცხადა, რომ ხორვატიასა და საქართველოს წლების განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს მისწრაფებებს ევროპის მიმართ. ეს ძალიან ნათელი იყო. მე პირადად ამას ათი წელია, ვაკეთებ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტის წევრი ან სხვა თანამდებობაზე ყოფნისას. მჯერა, როდესაც საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ევროპული გზა არის მომავალი, მკაფიო ამბიცია და შემდეგ იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც დაკმაყოფილდება, მაშინ პროცესი თავიდან დაიწყება“, – აღნიშნა ხორვატიის პრემიერმა.

იტვირთბა....