აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პაველ ჰერჩინსკის განცხადება უბრალოდ მუქარა არ არის, ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ” – თენგიზ შარმანაშვილი

პაველ ჰერჩინსკის განცხადება უბრალოდ მუქარა არ არის, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ვინც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქმიანობა იცის, ხვდება, რომ როგორც წესი, ელჩი ასეთ განცხადებებს თავისი ინიციატივით არ აკეთებს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ. ეს უბრალოდ მუქარა არ არის. ბლაჟევიჩის ბოლო აქტივობებიდან და დესტრუქციული ქმედებების დაფინანსებიდან ჩანს, რომ რევოლუციურ სცენარს მიჰყვებიან და არა უბრალოდ მშვიდობიან ამბოხებაზე ლაპარაკობენ, არამედ სამოქალაქო ომზეც კი. მინდა, მათ და ჩვენს მოქალაქეებს ვურჩიო, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ ამ ავანტიურას აჰყვეს, ეს სიზმრადაც არ დაესიზმროთ, თორემ, ცუდი შედეგები იქნება ყველასთვის, ვინც ამ ავანტიურაში გაეხვევა. ვინც ელჩის საქმიანობა იცის, ხვდება, რომ როგორც წესი, ელჩი ასეთ განცხადებებს მისი ინიციატივით არ აკეთებს. რა აზრი აქვს ვენეციის კონვენციიდან გამომდინარე ნაბიჯები გადადგა? – იმავე შემადგენლობიდან უფრო მოტივირებულ ახალ დიპლომატს გამოგვიგზავნიან. ჩვენი სუვერენიტეტი ქმედითად უნდა დავიცვათ და ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

იტვირთბა....