აშშ-ს პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეს უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ის Palantir Technologies Inc.-ის თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ფარულად აგროვებდა იმის გამო, რომ უკრაინა ომის დროს აღნიშნული კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.
ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg იტყობინება.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთმა იგორ დიუ ტექნოლოგიური და თავდაცვითი კომპანიის თანამშრომლებზე სათვალთვალოდ დაიქირავა. ინფორმაციის მოსაპოვებლად ის ფიზიკურ მეთვალყურეობას, ელექტრონულ სათვალთვალო მოწყობილობებსა და ყალბ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს იყენებდა.
ბრალდების გასაჯაროებისას დეპარტამენტს ამერიკული კომპანია არ დაუსახელებია, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, საკითხში ჩახედულმა პირმა, დაადასტურა, რომ საუბარი კომპანია Palantir-ზეა.
“ამ საქმეში წარმოდგენილი ბრალდებები აღწერს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოპერაციას, რომლის მიზანიც ამერიკული ტექნოლოგიური და თავდაცვითი კომპანიის თანამშრომელთა თვალთვალი და შევიწროება იყო, რადგან აღნიშნული კომპანია უკრაინას რუსეთთან ომში ეხმარებოდა”. – განაცხადა 18 ნოემბერს სან-ფრანცისკოს ოლქის აშშ-ის პროკურორმა კრეიგ ჰ. მისაკიანმა.
Palantir-ისა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს Bloomberg-ის კომენტარის თხოვნაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუციათ.
დიუ 30 ოქტომბერს დააკავეს და ამ ეტაპზე ფედერალურ პატიმრობაში რჩება. ის სასამართლოს წინაშე პირველად 2 ნოემბერს წარსდგა, ხოლო 17 ნოემბერს მას უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად მოქმედების მიზნით შეთქმულების მოწყობის, გენერალური პროკურორის გაფრთხილების გარეშე უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედების, შტატთაშორისი თვალთვალისა და პირადობის დოკუმენტებთან დაკავშირებული თაღლითობის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
18 ნოემბერს გასაჯაროებული საბრალდებო დასკვნის თანახმად, დიუს ბრალად ედება აშშ-ში ფარულად ჩასვლა უფრო ფართო სქემის ფარგლებში, რათა ეთვალთვალა და ინფორმაცია შეეგროვებინა კომპანიაზე, რომელიც დოკუმენტებში “კომპანია 1-ის” სახელითაა მოხსენიებული და მის თანამშრომლებზე. დიუმ სამართალდამცავებს განუცხადა, რომ აშშ-ში სამუშაოდ ის Telegram-ის საშუალებით გადაიბირეს.
საქმეში ჩახედულმა კიდევ ერთმა პირმა აღნიშნა, რომ Palantir-იდან ინფორმაციის გაჟონვა არ მომხდარა.
ბრალდებული 7 ივნისს სტამბოლიდან მეხიკოში ჩაფრენის შემდეგ უკანონოდ შევიდა ტეხასის შტატში. დასკვნის მიხედვით, აგვისტოს ბოლოს მან პალო-ალტოში ავტომობილების გაქირავების სერვისების ძებნა და მიზანში ამოღებული კომპანიის თანამშრომელების საცხოვრებელი მისამართების დადგენა დაიწყო.
საჩივრის თანახმად, დიუს დავალებები “დროთა განმავლობაში ეტაპობრივად გართულდა”.
“დიუმ თანდათან გააცნობიერა, რომ ცუდ საქმეს აკეთებდა და მისი ქმედებები უკანონო იყო”. – ნათქვამია საჩივარში. როდესაც მან იკითხა, ვისთვის მუშაობდა, კონტაქტებმა უპასუხეს: “სამშობლოსთვის”.
მათ დიუს კომპანიაზე ინფორმაციის შეგროვება დაავალეს, რადგან ის “უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღს აწვდიდა”. საჩივარრის მიხედვით, ბრალდებული ეჭვობდა, რომ მისი Telegram კონტაქტები რუსეთის მთავრობას წარმოადგენდნენ.
აშშ-ს მონაცემებით, დიუმ რამდენიმე თანამშრომელი ამოიღო მიზანში: კომპანიის მახლობლად მდებარე კაფეში მათ ლეპტოპის ეკრანებს ფოტოებს უღებდა, ეძებდა მათ საცხოვრებელ მისამართებს და ერთ შეშინებულ თანამშრომელს ავტომობილით 48 კილომეტრის მანძილზე დაედევნა.
8 ოქტომბერს სამართალდამცავებმა ისტ-პალო-ალტოში დიუს საცხოვრებელი ადგილი გაჩხრიკეს, სადაც ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, 18 035 აშშ დოლარი ნაღდი ფული და ორი რუსული პასპორტი ამოიღეს.
დიუს მომდევნო სასამართლო პროცესი 24 ნოემბერსაა ჩანიშნული.
ცნობისთვის, ამერიკული კომპანია Palantir Technologies Inc, რომლის საბაზრო ღირებულება ამჟამად 377 მილიარდ დოლარზე მეტია, მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის აშშ-სა და მოკავშირეთა მთავრობებს. მის პროდუქტებს სამოქალაქო უწყებები, სადაზვერვო სამსახურები, პოლიცია და სამხედრო ძალები მთელ მსოფლიოში იყენებენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ კომპანიის Maven Smart System-ს ეყრდნობოდა უკრაინისთვის სამიზნეების დადგენაში მხარდასაჭერად, ხოლო კიევის შეიარაღებული ძალები Palantir-ის პროდუქტებს ისეთი ოპერაციებისთვისაც იყენებენ, როგორიცაა განაღმვითი სამუშაოები.

