ირანის წინააღმდეგ ომში დიდი ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო, აშშ ფოლკლენდის კუნძულების კუთვნილების საკითხს განიხილავს.
მედიის ცნობით, პენტაგონის შიდა ელექტრონული წერილის თანახმად, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნატო-ელი მოკავშირეების მიმართ „დასჯის“ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
„ერთ-ერთი მათგანი მოიცავს ვაშინგტონის მხარდაჭერის გადაფასებას ევროპის „იმპერიული სამფლობელოების“ მიმართ, მათ შორის ბრიტანეთის პრეტენზიას ფოლკლენდის კუნძულებზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან, შიდა წერილის მიხედვით, კიდევ ერთი განსახილველი საკითხია ნატო-დან ესპანეთის შესაძლო გარიცხვა, რომელიც აშშ-ს ხშირად აკრიტიკებს. უცნობია, როგორ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა ესპანეთი ალიანსიდან გარიცხოს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვა ან ალიანსიდან გასვლა, რითაც დონალდ ტრამპი ადრეც იმუქრებოდა.
ცნობისთვის, ფოლკლენდის კუნძულები, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს, 1833 წლიდან ბრიტანეთის სუვერენიტეტის ქვეშაა. 1982 წელს კუნძულების კუთვნილების საკითხზე არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ომი მოხდა, რომელიც ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა.
2013 წლის რეფერენდუმში კუნძულების მოსახლეობის 99.8%-მა მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნებას.

