ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს დამოუკიდებელი დებუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. „ბოტანიკური ბაღის შემოღობვაზე ცოტა ვრცლად დავწერ და ვისაც არ დაეზარება წაიკითხოს:
„რურარულ, ანუ სოფლის სივრცეში ყველა დროის ყველაზე დიდი ქონება იყო მიწა. მიწა იყო საარსებო საშუალებაც და მეტნაკლებად განვითარების რესურსიც. ამდენად ნებისმიერი რურარული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი იყო მეტი მიწის დაუფლება და განკარგვა. რაც მეტი მიწა გქონდა შემოღობილი, მით უფრო მაგარი და მდიდარი იყავი. ურბანულ, ანუ ქალაქის სივრცეში მიწის ფლობა არ იყო გადამწყვეტი. ადამიანის საარსებო საშუალება და სფერო ძირითადად იყო ხელოსნობა და ვაჭრობა. აქედან გამომდინარე რურარულ სივრცეში მცხოვრები ადამიანისთვის ინსტიქტი იყო მეტი მიწის შემოღობვა, ურბანულ სივრცეში მცხოვრებისთვის კი აუცილებელი იყო მეტი საჯარო სივრცე – მოედანი, საზოგადოებრივი ბაღი გართობის და დასვენებისთვის და სხვა.
გასაბჭოებისას ანუ 1921 წელს თბილისში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 1972 წლისთვის თბილისი მილიონიანი ქალაქი გახდა. მილიონამდე მოსახლეობის ზრდა მოხდა მექანიკურად, სოფლებიდან იძულებით ჩამოსახლების ხარჯზეც კი. ეს ხდებოდა იმ მიზნით, რომ ყოველ მილიონიან საბჭოთა ქალაქს მოსკოვი უფრო მეტ თანხას გამოუყოფდა ხოლმე. მძიმე 90-იან წლებში კი კიდევ ნახევარი მილიონით ქალაქის ზრდა სიდუხჭირემ და წაგებულმა ომებმა განაპირობეს.
რურარული სივრციდან სხვადასხვა მიზეზით აყრილ-გადმოსახლებულმა ხალხმა ახალ გარემოში სივრცის იმგვარად მოწყობა დაიწყო როგორც იყო მიჩვეული – დაიწყო საჯარო სივრცეების შემოღობვა, გარაჟ-მარნების შენება, ტროტუარებზეც კი ბაღ-ბოსტნების გაშენება. ისინი ამას აკეთებდნენ და აკეთებენ ინსტიქტურად, ეს არის რურარული, ანუ სოფლის ცხოვრების წესის ინერცია. ყველა იმდენს ღობავს ქალაქში რამდენის გასაქანი და შესაძლებლობაც აქვს. ამასთან დროდადრო, უბრალო “მიმტაცებელ-შემომღობველი” მოქალაქეების გულისმოგებისა და წახალისების მიზნით ხელისუფლებები წინასაარჩევნოდ აცხადებენ, მაგალითად ასეთ პროგრამებს – “რაც შენია, შენია”, ხოლო საკრებულოში მიტაცებული საჯარო მიწების ლეგალიზებისთვის საგანგებო კომისიაც კი არსებობს. უფრო მდიდრებს ეს კომისია არ სჭირდებათ – მით უფრო ივანიშვილისნაირ მდიდრებს – პირდაპირ პირველ პირებს ავალებენ მათი შემოღობილის ლეგალიზებას. ბატონი ბიძინაც საკუთარი რურარული ინსტიქტების ინერციით მოქმედებს – სადაც ცხოვრობ, გარშემო მეტი მიწა უნდა მოიღობო და უფრო მაგარი იქნები. თბილისმა მოსახლეობის ზემოაღწერილი მექანიკური ზრდის გამო ურბანული ცხოვრების წესის არათუ უპირატესობის გავრცელება ვერ შესძლო, პირიქით რურარული კანონების მძევალი გახდა. ამ ტექსტში არანაირი სარკაზმი არაა, თბილისში მიმდინარე პროცესების ურბანუსტულ-კულტუროლოგიური ახსნის მცდელობაა. თან რამეში რომ არ დამდონ ბრალი – პაპაჩემი, მამაჩემის მამა ხაშურიდან თბილისში 40-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდნენ, დედაჩემი სამტრედიელია. სხვათა შორის პაპაჩემსაც შუაგულ პავლოვზე კორპუსების ეზოში ათწლეულების მანძილზე სხვების მსგავსად ბაღი ჰქონდა შემოღობილი. არვიცი, რა დრო დასჭირდება თბილისში მცხოვრები მოსახლეობის მიერ ურბანული ცხოვრების ელემენტარული წესების გააზრებას, საჯარო სივრცეების პატივისცემას. ის კი ვიცი, რომ რაც უფრო მდიდარი ხარ ადამიანი, მით უფრო მეტ მიწას კი არ უნდა იღობავდე არამედ პირიქით – ქალაქს საჯარო სივრცეებს უნდა სჩუქნიდე.
მეტის დაწერაც მინდოდა – მარა …..“, – წერს ალეკო ელისაშვილი.