ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჯანაძესთან და ფაშისტურ „პატრიოტთა ალიანსთან“ არასოდეს ვითანამშრომლებთ

 

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ არის გარკვეული ძალები რომლებთანაც „გირჩი“ არასოდეს ითანამშრომლებს. ასეთებად პრორუსულ და ფაშისტურ ძალებს ასახელებს. მისი თქმით, დღევანდელ ქართულ რეალობაში პრორუსული ნინო ბურჯანაძის პარტიაა, ხოლო ფაშისტური – „პატრიოტთა ალიანსი“.

“ჩვენ პრინციპულად არ ვითანამშრომლებთ არცერთ პრორუსულ ძალასთან. არც წინასაარჩევნოდ, არც არჩევნების შემდეგ და არასდროს. ჩვენ ასევე არ ვითანამშრომლებთ ფაშისტებთან. არის რაღაც საზღვრები, რომლებსაც მკაცრად ვიცავთ. სხვა მხრივ თანამშრომლობის პრობლემა არ გვაქვს არცერთ ძალასთან არც ახლა, ამჟამინდელ პარლამენტში შემავალ ფრაქციებთანაც ვთანამშრომლობთ. ყოფილა უმრავლესობის არაერთი ინიციატივა, რომლისთვისაც მხარი დაგვიჭერია და ყოფილა ინიციატივები რომლისთვისაც არ დაგვიჭერია მხარი.

ზოგადად ვფიქრობთ, რომ თუ რამე აკლია ქართულ პოლიტიკას ეს არის თანამშრომლობის კულტურის არქონა. თანამშრომლობის კულტურა უნდა დავამკვიდროთ, რადგან მასზე უარის თქმას არაფერი არ მოაქვს კარგი. პრორუსული ძალა არის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, ფაშისტური ძალა კი „პატრიოტთა ალიანსია“. არიან სხვა ძალებიც, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციას არც მალავენ”. – აცხადებს ჯაფარიძე “ექსპრესნიუსთან” საუბარში.

იტვირთბა....