ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„იმედი მაქვს, ბევრი სტუდენტი არ მოტყუვდება“: „დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის“ აქცია დასრულდა

„დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის“ აქცია დასრულდა. თავდაპირველად მათ  მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს, შემდეგ კი მსვლელობა მთავრობის კანცელარიისკენ გამართეს.

სტუდენტები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, პეტიციის შეტანას გეგმავდნენ. ისინი მოითხოვენ, რომ  განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ყველა დაინტერესებული სტუდენტი იყოს ჩართული.

„აუდიტორია 115-ის“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ კი აქციის დაწყებამდე სოციალურ ქსელში აღნიშნულ აქციაზე დაწერა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს ,,დამოუკიდებელ სტუდენტთა” სახელით შეცდომაში შეჰყავთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. მისი თქმით, ივენთის აღწერაში საუბარია თითქოსდა რაღაც ერთიანობაზე და არცერთჯერ არ არის ნახსენები ვინ არიან რეალური ორგანიზატორები – თვითმმართველობა. როგორც ირაკლი ამბობს, დღევანდელი აქციის მონაწილეები უნივერსიტეტებში დადიოდნენ და სტუდენტებს ატყუებდნენ, რომ „აუდიტორია 115“ სტუდენტური ხარჯების გაუქმებას ითხოვს, რაც სტუდენტურ აქტიურ ცხოვრებას დაასამარებს.

„დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობები ფილარმონიასთან, 14:30 საათზე აწყობენ აქცია-მსვლელობას, რომელსაც ჰქვია ,,დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის მსვლელობა”. ამავე სახელწოდების მოძრაობა შექმნეს, იმიტომ რომ თვითმმართველობის სახელის, როგორც გაკოტრებული ინსტიტუტის იმიჯის გამოყენება დღეს უპერსპექტივოა და არც არავინ დაუჭერს მხარს. პრიმიტიულად ჰგონიათ აქციის სახელწოდებაში ტერმინ ,,დამოუკიდებელის” ჩასმით მართლა დამოუკიდებლები წარმოჩინდებიან. ასე საყვარლად ატყუებენ სტუდენტებს.

,,უნივერსიტეტებში დადიან და სტუდენტებს ატყუებენ, რომ ჩვენ-აუდიტორია 115 სტუდენტური ხარჯების გაუქმებას ვითხოვთ, რაც სტუდენტურ აქტიურ ცხოვრებას დაასამარებს.

ვისაც გააზრებული აქვს მათი პოზიციები და აქვს სრული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შეუძლია თავისუფლად შეუერთდეს აქციას, მთავარია ნუ მოტყუვდებიან ისინი ვისაც არასრული ან გამიზნულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. იმედი მაქვს, ბევრი სტუდენტი არ მოტყუვდება და დროულად გაერკვევიან ვითარებაში.  აქცია ფილარმონიასთან იმართება.

იუმორინას შემდეგ ფილარმონიას ასეთი მასშტაბის მოვლენა არ ღირსებია“ – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....