ბლოგები მთავარი საზოგადოება

ფიქრი. სიტყვა. მოქმედება.

ფიქრები, რომლებიც გაგაჩნიათ, სიტყვები, რომლებსაც წარმოთქვათ, საქციელი, რომელსაც სჩადიხართ, საბოლოო ჯამში სიკეთისა და ბოროტების კეთების თვისებად იქცევა, – ძალად, რომელიც თავისი განვითარებით ან ზრდით კვლავ მას უბრუნდება, ვინც იგი თავისგან გარეთ მიმართა.  ლუსი მალორი

 
ფიქრი როგორც სიტყვა, სიტყვა როგორც მოქმედება, მოქმედება როგორც ფიქრი… ასეთ, ერთგვარ შეკრულ წრედ შეგვიძლია აღვწეროთ ის, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის თითქოს და ერთმანეთისგან განცალკევებულ, თითქოს და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, სხვადასხვა ცნებებსა და ქმედებებს წარმოადგენს.
ქვემოთ შევეცდები მოკლედ და შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად აღვწერო ის მჭიდრო ურთიერთკავშირი, რომელიც ფიქრს, სიტყვასა და მოქმედებას ერთ ქმედებაში აერთიანებს.

ფიქრი.
ფიქრი, განსხვავებით სხვადასხვა ემოციური პროცესებისგან, სიტყვების მეშვეობით და მათი უშუალო დახმარებით მიმდინარეობს.
მე თუ მიხარია, სიხარულის შესაბამისი ცნებების (სიტყვების) მეშვეობით გაფილტვრის არც მოთხოვნილება და არც აუცილებლობა არ მაქვს, უბრალოდ მიხარია, მაგრამ თუ სიხარულის გახმოვანება და მისი შინაარსობრივი აღწერა მოვინდომე, ამისათვის აუცილებლად დამჭირდება ცნებათა სისტემა, სიტყვები, რომელთაც წინ ნებისმიერ შემთხვევაში ფიქრი უძღვის. რაც არ უნდა მყისიერი იყოს ემოციის ხმოვან სიტყვებად თარგმნა, მათ შორის აუცილებლად გაიელვებს ფიქრის მცირე ტალღა… სხვა შემთხვევაში ემოცია მხოლოდ შორისდებულებით ითარგმნება, რაც, დამეთანხმებით, ფიქრთან მართლაც ნაკლებ კავშირშია… “ააა!”, “უუუ!” და ა.შ. “სიტყვებს” ფიქრთან მართლაც არ აქვს კავშირი… ასეთი “ცნებებით” ემოციებს ჩვენი შორეული წინაპრებიც თარგმნიდნენ.
ფიქრი უკვე სიტყვებია! ფიქრი არის ამა თუ იმ სახის ინფორმაციის ცნებათა სისტემაში (სიტყვებში) მოქცევის პროცესი. ფიქრის გახმოვანება პირად არჩევანზე დამოკიდებული, აუცილებელი ან ნაკლებად აუცილებელი ფორმალობაა. ფორმალობაა იმდენად, რამდენადაც ის უკვე გახმოვანდა, სიტყვებად ის უკვე აჟღერდა… თუმცა მხოლოდ თქვენში. თქვენ სიტყვები, რომელთაც ჯერ ბგერა არ “აცვია”, უკვე წარმოთქვით და ამით ფიქრი სიტყვისგან მხოლოდ “ჩაცმულობით” განასხვავეთ. იმით, რომ თქვენი და მხოლოდ თქვენში თქმული სიტყვები ჯერ სხვას არ გაუგია, არ იცვლება ის ფაქტი, რომ თქვენ თქვენში სიტყვები წარმოთქვით და ფიქრს და სიტყვას საერთო მრიცხველი შეძინეთ.
ნაფიქრ სიტყვებს სხვის სმენას მიართმევთ თუ არა, ეს თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული, თუმცა სიტყვები ასედაც და ისედაც წარმოთქმული რჩება… ეს კი, თუმც უხილავი, მაგრამ უკვე მოქმედებაა.

სიტყვა.
როგორც შევთანხმდით (სადავო არ იყო, მაგრამ მაინც), ფიქრი სხვა არაფერია თუ არა სიტყვა და გახმოვანებულიც და გაუხმოვანებელიც სიტყვადვე რჩება.
გადავიდეთ სიტყვის იმ საყოველთაო მნიშვნელობაზე, რომელსაც ჩვენი ყურია ჩვეული, რომელიც სიტყვის სისტემურ, მის ცნებობრივ თვისებებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ უთმობს და მისი მხოლოდ, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ენობრივ-სტრუქტურული ერთეულის აგებულებითა და ჟღერადობით არის დაკავებული.
ამ მისი საყოველთაო მნიშვნელობის მიხედვით სიტყვა მხოლოდ მაშინ არის სიტყვა, როცა ის წარმოთქმულია და ამდენად ფიქრი ფიქრია – სიტყვა სიტყვაა… ამ საყოველთაო მნიშვნელობის მიხედვით სწორედ იმიტომ ეწოდება ფიქრს ფიქრი, რომ ის გაუხმოვანებელია და მნიშვნელობა არ აქვს ვიღაცის თავში ფიქრი სიტყვების მეშვეობით მიმდინარეობს, თუ აგურების… “მე თუ არ მესმის, ესე იგი ის უბრალოდ ფიქრობს და ჩემთვის ამას სიტყვებთან კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს” – იტყვის მავანი და ძნელია არ დაეთანხმო, თუმცა ჩვენ და ამ შემთხვევაში ფიქრის, სიტყვისა და მოქმედების გაერთიანებით ვართ დაკავებული და აქვე დავრჩეთ…
ყველაზე უმნიშვნელო, თავისი შინაარსით არაფრისმთქმელი სიტყვაც კი თვითგამოხატვის ის აქტია, რომელიც გარემოზე მეტ-ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს. გახმოვანებული სიტყვა გარშემომყოფთა იმ “ზამბარას” ჭიმავს, რომელსაც ყურადღება ჰქვია. სხვა საქმეა რამდენად არის სიტყვა ბიძგის პოტენციით დატვირთული… ბიძგის, რომელსაც სიტყვა ან განაპირობებს, ან ვერ განაპირობებს… სხვა საქმეა რამდენად მოქნილ და გამართულ მდგომარეობაშია სიტყვა, რომელიც მიუხედავად იმისა იქნება თუ არა ის ერთგვარი “კინეტიკური ენერგიის” მატარებელი, მაინც მოქმედებაა, რამეთუ შემდგომი მოქმედების პერსპექტივას ფლობს.

სიტყვა აქტია, რომელზე უფრო მეტი შთაგონების ძალასაც მხოლოდ სიჩუმე ან ხმაური ფლობს და სწორედ სიჩუმის ან ხმაურის სწორად და სწორი სიტყვებით თარგმნის დამსახურებაა ყველა ის სასიკეთო და არც თუ ისე , ხილული და ხელშესახები მოქმედებები, რომელთაც კაცობრიობის ისტორიაში ადგილი ჰქონდა და კვლავაც ექნება. სიტყვა მოქმედების წინაპირობა, მისი მშობელია და ამდენად თავად არის მოქმედება.

მოქმედება.
პოლემიკის, სიტყვების კორიანტელის, ანალიზის, განსჯის… საბოლოოდ კი ფიქრის საგანი.
ის, რამაც ხილული, ხელშესახები მოქმედება შექმნა, მას მისი პირველყოფილი სახით იბრუნებს, თავისში და პირველადი მეთოდებით ზემოქმედებს თავისსავე წარმოქმნილ მოქმედებაზე… რაც თავის მხრივ ახალი ჩუმი სიტყვების (ფიქრის), გახმოვანებული სიტყვებისა და ხილული, ხელშესახები მოქმედების წინაპირობაა – ერთიანი(!) ქმედების წინაპირობა.
ფიქრი, სიტყვა და მოქმედება ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია.
ფიქრი და სიტყვა თუ მედლის ორი მხარეა, მოქმედება თავად მედალია.

ასე რომ ყურადღებით მოექეცით ფიქრებს… ისინი უკვე სიტყვებია. ყურადღებით მოექეცით სიტყვებს… ისინი უკვე პოტენციური მოქმედებებია, რომლებიც ადამიანებს სიტყვების წარმოთქმისა და ფიქრის საფუძველს მისცემს.

ვასო შონია

იტვირთბა....