პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ. ის არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე.
პასკის შეძენა მარკეტებშიც შესაძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ იქ შემოთავაზებული პროდუქცია სახლში მომზადებულ, ტრადიციულ, გემრიელ პასკასთან ახლოსაც ვერ მივა. უფრო მეტიც, ბოლო დროს, მარკეტებში ბევრი უხარისხო პასკა იყიდება.
იმისთვის, რომ პასკას განუმეორებელი გემო მიანიჭოთ, შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ:
15 კვერცხი და 1,5 კგ შაქრის ფხვნილი ავურიოთ, გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 300 გრ გამდნარი თბილი ერბო (უმჯობესია შინაური ერბო), 200 გრ გამდნარი თბილი კარაქი. ყველაფერი ეს კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 200 გრ არაჟანი და 0,5 ლ (1 ქილა) მაწონი.
ცალკე გავაკეთოთ: 3-4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი გავხსნათ 1ჭ თბილ წყალში, დავასხათ 1ლ თბილი რძე, ცოტა მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას აფუებამდე.
მომზადებული მასა ჩავასხათ გამზადებულ ცომში და დავიწყოთ ცომის ზელა. ზელის დროს ვაყაროთ ფქვილი. სასურველია ვზილოთ 1 სთ, დროდადრო ხელი უნდა ვასველოთ ზეთში. ცომი მზადაა მაშინ, როცა ხელზე აღარ გვეკრობა. ცომის გამზადებამდე 10-15 წუთით ადრე მას ვამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს, 1 ჩაის კოვზ გასრესილ მუსკატის კაკალს, 5 ც მიხაკს, 10 ც ილს – გახეხილს, ორ ქერქიანად გატარებულ ლიმონს. სასურველია 500 გ ქიშმიშიც. ამის შემდეგ ვაგრძელებთ ზელას.
გამზადებულ ცომს ვფუთავთ და ვდგამთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოვა, ვათავსებთ კარაქწასმულ ფორმებში.
თითოეულ ფორმაში ვათავსებთ ცომის ნაწილს ისე, რომ ფორმა ნახევრად შეავსოს. შეგვიძლია მოვრთოთ ნუშით ან მიწის თხილით. გამზადებულ ფორმებს ვათავსებთ თბილ ადგილას.
ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც კარაქია წასმული, ვაყრით მანანის ბურღულს. როცა ფორმაში ცომი კარგად ამოვა, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე. როცა შევნიშნავთ, რომ ზედაპირი კარგად შეწითლდა, გადმოვდგამთ. პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ვდგამთ მის ძირს ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით ამოგვაქვს ფორმიდან. ბოლოს მოვაყრით დაფქვილ შაქარს.