ირანმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ქუვეითის არმიის გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა აეროპორტის რადიოლოკაციური სისტემა და რამდენიმე საწვავის რეზერვუარი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქუვეითის მიმართულებით ჯამში 15 ირანული დრონი იქნა გაშვებული. 29 მარტს, ღამის საათებში სამხედროებმა მორიგი თავდასხმის შესახებაც განაცხადეს.
„ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემები ამჟამად იგერიებენ მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებს. თუ აფეთქებების ხმა ისმის, ეს ნიშნავს, რომ სისტემები მტრის იერიშებს ანეიტრალებენ“, — აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

