აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტი-დასავლური, არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული – საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ერი და უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი” – შალვა პაპუაშვილი

“მაშინ, როდესაც თითქოს ახალი იმედები იბადებოდა, ილია მეორე უკვე ხედავდა მომავალ საფრთხეებს. 2004 წელს წარმოთქმულ მის სიტყვებში მკაფიოდ იკვეთება იმ განსაცდელის მთელი არქიტექტურა, რის წინაშეც დადგებოდა ერი და ეკლესია” – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი წერს და აქვეყნებს 2004 წელს ილია მეორის ინტერვიუს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში, არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს.

მისი თქმით, აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტი-დასავლური, პრორუსული თუ ანტი-რუსული, პრო-ჩინურ-ირანულ-ევროპული თუ პირიქით. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული.

„ამ დღეებში, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენი პატრიარქის ხსოვნას, ასევე ვიხსენებთ მის სიტყვებს და მოწოდებებს, რაც მრავლად დაგვიტოვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის სიტყვები, სადაც აღწერდა როგორც შექმნილ ვითარებას, ასევე იმ პროცესებს, რისი გავლაც ეკლესიას და სახელმწიფოს მოუწევდა.

მისი წინამძღოლობით ეკლესია იქცა ნავსაყუდელად, ერთადერთ სიმყარედ იმ ეპოქაში, როდესაც ქარიშხალი არ წყდებოდა. ათეიზმის ძალმომრეობა, დევნა, იდენტობის რღვევა, სამოქალაქო დაპირისპირება, სიღარიბე და სასოწარკვეთა, ამ ყველაფრის შუაგულში იდგა ეკლესია, როგორც უკანასკნელი საყრდენი.

და სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს ახალი იმედები იბადებოდა, ილია მეორე უკვე ხედავდა მომავალ საფრთხეებს. 2004 წელს წარმოთქმულ მის სიტყვებში მკაფიოდ იკვეთება იმ განსაცდელის მთელი არქიტექტურა, რის წინაშეც დადგებოდა ერი და ეკლესია.

პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში. არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს.

და თუ ეკლესია არ ჩადგება მათი გლობალისტური დღის წესრიგის სამსახურში, ისინი შეეცდებიან მის დანგრევას – გაყოფით, დისკრედიტაციით, შეურაცხყოფით, ანტიდასავლური თუ პრორუსული იარლიყების მიკერებით.

ამ პროცესს ისინი არქმევენ ცრუ სახელებს – „სამოქალაქო საზოგადოება“, იგონებენ ცრუ იდეოლოგიებს – „გენდერული იდენტობა“, და გვთავაზობენ მათ, როგორც უპირობო პროგრესს, აპრიორი სათაყვანებელს და გადამრჩენს.

გვთავაზობენ სამყაროს, სადაც ხალხის ნებაზე მაღლა უნდა იდგნენ არავისგან არჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ტრადიციაზე მაღლა უნდა დადგეს მოდური თეორიები, და სადაც სარწმუნოებაზე მაღლა დაგვიყენებენ დროებით იდეოლოგიებს.

სწორედ ამ სიცრუეს და საფრთხეს ამხელს პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ დროს, როდესაც ეს პროცესები მხოლოდ იწყებოდა და ბევრისთვის უხილავი იყო. ის ხედავდა, რომ წინ გველოდა რთული წლები, რომელმაც ცხრა წლით დაასამარა ეკლესიისა და სახელმწიფოს ბუნებრივი თანხვედრის იდეა.

დიდია საქართველოს პატრიარქის ღვაწლი გასული ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ ერის სადარაჯოზე დგომის ეს სიმტკიცე, სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა მას ერის ჭეშმარიტ მამად აქცევს. ის იყო გამაერთიანებელი, მაშინაც კი, როდესაც საზოგადოება იყოფოდა. ის იყო დიპლომატი, მაგრამ არასოდეს დაუთმია არცერთი მისხალი იქ, სადაც საკითხი საქართველოს ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს ეხებოდა.

საბედნიეროდ, ის მოესწრო დროს, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნდა უმთავრესი ეროვნული ცნებები – დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, რომლის სულიერ შემკვრელიც ორიათასწლოვანი ქართული ეკლესიაა.

აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტი-დასავლური, პრორუსული თუ ანტი-რუსული, პრო-ჩინურ-ირანულ-ევროპული თუ პირიქით. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული.

არსებობს საკუთარი ქვეყნის სამსახურში მდგომი, ქვეყნის ინტერესებით მოქმედი, მისი ჭირ-ვარამის მტვირთველი პატრიოტი; და არსებობს უცხო ქვეყნის ინტერესებით შეგნებულად თუ შეუგნებლად მოქმედი, მათი დროშების ქვეშ მდგომი, უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი.

აქ გადის ზღვარი.

ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ არაერთი საუკუნეა. ეს არის ბრძოლა რწმენის, იდენტობის და თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ისევე, როგორც საუკუნეები ვიმარჯვებდით“, – წერს პაპუაშვილი.

იტვირთბა....