ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ კაია კალასს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც კომისია საჯაროდ გაემიჯნა კალასის განცხადებებს, რომლებშიც მან ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკა სიმსივნეს შეადარა. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
ევროკომისიის მთავარი სპიკერის, პაულა პინიოს თქმით, „ეს არ არის ევროკომისიის პოზიცია“.
Politico-ს Playbook-ის ინფორმაციით, ბრიუსელში უკმაყოფილება გამოიწვია კალასის მიერ გამოყენებულმა ტერმინებმა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ დიპლომატები ასე არ ლაპარაკობენ.
„არსებობს სიტყვები, რომლითაც გზავნილებს აგზავნი, მაგრამ ქვეყნებს დაავადებას არ ადარებ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ამავე წყაროს თქმით, კალასის განცხადებების გამო, ბრიუსელს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის მთავრობამაც გამოუცხადა პრეტენზია.
კალასმა ეს განცხადებები კვირას, ესტონეთში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ევროპას ჩინეთთან მიმართებით „დაავადების დიაგნოზის ძალიან მკაფიო გაგება“ აქვს, თუმცა შესაბამისი „მკურნალობის მეთოდი“ ჯერ არ გააჩნია. კალასმა ასევე ახსენა შესაძლო „ქიმიოთერაპია“, რაც მტკივნეული ეკონომიკური ზომების მიღებას გულისხმობდა ევროპული ეკონომიკის გადასარჩენად. „პოლიტიკოს“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კალასის შეფასებები დიდწილად ემთხვევა ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკას, წევრი ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტერმინოლოგია პეკინის გაღიზიანებას გამოიწვევს.

