„ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ გეოგრაფიულ ასპექტს, ეს დიდწილად არის უსაფრთხოების, ღირსების, თავისუფლების და შესაძლებლობების შეგრძნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერი სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე თემას შეეხო. მისი თქმით, „მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით საქართველო გახდა ევროპული ქვეყნების ნაწილი. ეს ეროვნული სტარტეგიის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა იმავდროულად ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს და ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს“.
კვირიკაშვილი შეეხო არჩევნების თემასაც. როგორც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, თანასწორ გარემოში, ადგილობრივი და საპრეზიდენტო. წელს კი ამას შეავსებს საპარლამენტო არჩევნები.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელებას ორი მიზეზის გამო – პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს ყოველთვის მათი იმედი გვქონდა ამ მიმართულებით და მეორე, არჩევნები, რომელიც 2016 წელს გაიმართება, უნდა იყოს გამჭვირვალე, თანაბარ გარემოში წარმართული.
”ჩვენ გვსურს, რომ თქვენც აღიაროთ ის შედეგები, იმის მიუხედავად, რა იქნება ის”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეროვნული 7-წლიანი გეგმა ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.
„ჩვენ დისკრიმინაცია ფერის, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური კუთვნილების საფუძველზე კანონით ავკრძალეთ. უზრუნველვყოფთ, რომ უმცირესობები სრულად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღების თემებში. ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, რომელიც არა მხოლოდ კანონით არის დაცული, არამედ რეალურადაც ხდება განხორციელება. 2015 წლიდან მოყოლებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ დაზარალებული ქალბატონების სახელით საჩივრები, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას. დავოსის გენდერული თანასწორობის ინდიკატორების მიხედვით ნათელია, რომ საქართველოს პროგრესისთვის ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ამ მხრივ მიმდინარეობს მუშაობა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მან შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისთვის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ ქვეყნის აყვავებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებიც დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად იზეიმებენ.
”საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურებს და დაანახებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დადებითია პროევროპული მიდგომა. ეს მათ გაუჩენს უფრო მეტ მოტივაციას ჩვენთან ერთად იზეიმონ ქვეყნის ეს აყვავება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.