,,ვიცი, რომ ავტობუსის გაჩერებასთან ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა “ – აღნიშნულის შესახებ დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას ოჯახის წევრები საუბრობენ. მათ საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა.
ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის დროს გოგონასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
,,ვიცი, რომ ავტობუსის გაჩერებასთან ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა . გოგონას ასთმა აწუხებდა, სულ წამლით დადიდოა. მას არაბმა ხელი კრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა. მის მეგობარსაც თავს დაესხნენ. ის სავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის იბრძვის. როცა მეგობარმა შემთხვევის დროს მოიკითხა, აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მეტი არაფერი არ ვიცით. გადმოსვენებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. გუშინ შევიტანეთ განცხადება და ორშაბათს გვეტყვიან როდის გადმოასვენებენ ცხედარს. ერთი წელია დუბაიში იყო. კლუბში მუშაობდა. ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ დუბაიში ხუთშაბათს დილით ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს. გამოცემა “გალფ ნიუსი” სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერდა, რომ მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.