ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მომხმარებელი დააპატიმრეს

თბილისის ინტერნეტფორუმის მომხმარებელ სულხან წულაძეს ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც ინტერნეტფორუმზე მომხმარებლები წერენ, წულაძემ რამდენიმე დღის წინ ხუმრობით თემა გახსნა,  რომელიც აშშ-ს ელჩს ეხებოდა. ფორუმელები წულაძის დასახმარებლად პეტიციას აქვეყნებენ:

„2016 წლის 11 აპრილს სულხან წულაძემ, რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც იუზერი “სპლიყვი” თბილისის ფორუმზე Forum.ge გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა. მეტი დამაჯერობლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა. მომხდართან დაკავშირებით, სამართალმადცველმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება და დააკავეს სულხან წულაძე. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ( მუხლი 326, მეორე ნაწილი ), რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 აპრილს სულხან წულაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის თქმით არსებობს საფრთხე, რომ სულხან წულაძე მტკიცებულებებს გაანადგურებს, რაც თავის მხრივ თბილისის ფორუმზე გახსნილ თემას გულისხმობს. ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებით ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს აღკვეთი ღონისძიების ფორმა და სულხან წულაძის მიმართ არ იყოს გამოყენებული პატიმრობა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სულხან წულაძის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა ვთვლით, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება მის მიმართ არ შეესაბამება მისი ქმედების სიმძიმეს“- ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ამ ინფორმაციას ადასტურებს წულაძის ძმაც: „მე ვარ SPLIYVI-ს (სულხან წულაძე) ძმა და ეს „ტროლაობა“ არ არის. ნამდვილად დაჭერილია და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა“.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 326-ე მუსხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე მუქარას გულისხმობს:

მუხლი 326: საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა

  1. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

როგორც „მეტრონომს“ საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, სულხან წულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი კი 2 ივნისს 12 საათზეა ჩანიშნული.

forum.ge

აშშ-ს საელჩო აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
“აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება – მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო – ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.”

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....