ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია მოაწყვეს: გურია-აჭარის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის, ქაქუთის მონაკვეთი გადაკეტეს. ოჯახის წევრები საქმის დროულად გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ. მოკლული ნონა რომანაძის დედა, ნათელა ბერაძე ითხოვს, საქმეზე გამოძიების პასუხი 10 დღის ვადაში მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გამართავს:
“10 დღის ვადაში გვითხრან, ვინ და რა მიზეზით მოკლა ჩემი შვილები. დაგვპირდნენ, რომ სანამ ორმოცი შესრულდება მანამდე გამოიძიებდნენ ამ საქმეს. ათასნაირ ვერსიას ამბობენ და მინდა სიმართლე გავიგო, რატომ მოკლეს ჩემი შვილები”, – აღნიშნა ნათელა ბერაძემ.
გარდაცვლილების ბიძის ოთარ კვირკველიას განცხადებით, ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა შედეგი ვერ მიიღეს და აპირებს დახმარების თხოვნით ამერიკის ელჩს მიმართოს:
“თუ ვერ იპოვეს მკვლელის კვალი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იციან საქმე და დაანებონ თავი გამოძიებას. გვაქვს გადაწყვეტილი მივმართოთ ამერიკის ელჩს რომ მოგვეშველოს, ჩამოვიდნენ გამომძიებლები ამერიკიდან და გაარკვიონ სიმართლე. ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ 10 დღეში არ გვექნება პასუხი ქობულეთის ყველა სოფელს გამოვიყვანთ საპროტესტო აქციაზე”, – აღნიშნა ოთარ კვირკველიამ.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ოჯახს გამოძიების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს.
“სახელმწიფო სათანადო დონეზე რომ ყოფილიყო, ეს მკვლელობა იმავე დღეს გაიხსნებოდა. შს მინისტრისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ 40-ის გასვლამდე მიიღებდნენ პასუხს, თუმცა მან არ შეასრულა პირობა. საგამოძიებო სამსახურებს კონტაქტიც არ აქვს ოჯახთან”, – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.
შეგახსენებთ, რომ დედა-შვილი 22 თებერვალს ფონიჭალაში მოკლულები იპოვეს. დედას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, 3 სამი წლის ბავშვი კი საძინებელში დამწვარი იპოვეს.