“სამწუხარო რეალობაა, რომ სექტემბერში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გააქტიურდება”, – პოლიტიკური გაერთიანება “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ალბათობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მალე რამდენიმე ევროკავშირის ქვეყანა, მათ შორის პოლონეთიც, ქართველებზე მუშაობის უფლების გაცემასაც შეზღუდავს და ამაზე საკანონმდებლო მუშაობა უკვე დაწყებულია, რადგან იმ რვა პირობიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დაუწესა უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად არც ერთი არაა შესრულებული.
“სამწუხარო რეალობაა, რომ სექტემბერში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გააქტიურდება. დაწესებული იყო რვა პირობა იმისთვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს. დღემდე არც ერთი ეს პირობა შესრულებული არ არის.
ამაზე მსჯელობას რაღაც პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყება. ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე პოლონეთი და შესაძლოა სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გარკვეული პერიოდით მუშაობის შესაძლებლობას გააუქმებენ.
სამწუხაროდ, არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება! ეს არის შედეგი, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს და ქვეყნისა და მოქალაქეების დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

