23 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების 2 ახალ პაკეტს. საუბარია ახალ შეზღუდვებზე, რომლებსაც უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აწესებს.
სანქციების პირველი პაკეტი ეხება სხვადასხვა ქვეყნის 28 მოქალაქეს, რომლებიც რუსეთს უკრაინის მიწების ოკუპაციაში ეხმარებიან და ფაქტობრივად აფინანსებენ რუსეთის სახელმწიფოს. მათ შორისა უკრაინის და ირანის მოქალაქეებიც.
მეორე პაკეტის თანახმად კი უკრაინა ახდენს სანქციების სინქრონიზაციას პარტნიორებთან, კერძოდ, კანადასთან.
“ეს არის კანადის მიმდინარე სანქციების 100%-იანი სინქრონიზაცია რუსეთის ომისთვის მომუშავე 139 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მზადდება გადაწყვეტილებები უკრაინის სანქციების მოკავშირე ქვეყნების იურისდიქციებში სინქრონიზაციისთვის.
“ყველამ, ვინც რუსეთს ეხმარება მკვლელობების გაგრძელებაში და შემდგომი აგრესიისთვის სამხედრო მანქანის შექმნაში, უნდა იგრძნოს რეალური ზეწოლა მსოფლიოს მხრიდან“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

