ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები” აცხადებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით.
ამის მიზეზად ისინი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახელებენ, მათივე თქმით ქვეყანაში სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები არ არსებობს. თუმცა, ამისდა მიუხედავად ორგანიზაცია მაინც განაგრძობს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო მოვლენების მონიტორინგსა და ანალიზს.
ISFED-ის შეფასებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

