პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში გაგზავნა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
„შესაძლოა, დღესვე შეგატყობინოთ“, – თქვა ტრამპმა.
როგორც CNN-ი, წერს, ტრამპის მზადყოფნამ, დაუშვას აშშ-ის ჯარების უკრაინაში შეყვანა, შეიძლება სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალოს, რადგან უკრაინა რუსეთთან ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, უსაფრთხოების გარანტიებს კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლის.
ასევე, ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “უკრაინას ძალიან კარგ დაცვას, ძალიან კარგ უსაფრთხოებას მისცემენ”.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ევროპელ ლიდერებს სურთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამაში მათ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება.
” ევროპა თავდაცვის პირველი ხაზია, რადგან ისინი იქ არიან, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ. და ჩვენ ჩავერთვებით“, – თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ვისგან არის მოსალოდნელი ომის დასრულება – ვლადიმერ პუტინისგან, თუ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, დონალდ ტრამპმა სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“თუ დღეს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სამმხრივი შეხვედრა გვექნება… ვფიქრობ, გვექნება ომის დასრულების გონივრული შანსი, როდესაც ამას გავაკეთებთ”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკას სამიტზე წამოყენებული პირობებია.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან.

