ევროპელმა ლიდერებმა “ალასკის სამიტთან” დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეფასებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ ერთობლივი განცხადება მოამზადეს.
განცხადებაში მითითებულია, რომ ახლა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ტრამპთან და ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის მოსამზადებლად.
„უკრაინაზე იქნება დამოკიდებული თავის ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით,” – წერენ ერთობლივ განცხადებაში ევროპის ქვეყნების მეთაურები და აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება: “ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ, მეტი გავაკეთოთ უკრაინის სიძლიერის შესანარჩუნებლად, რათა მივაღწიოთ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„სანამ უკრაინაში ხოცვა გრძელდება, მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების და უფრო ფართო ეკონომიკური ზომების გაძლიერებას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის ომის ეკონომიკაზე, სანამ არ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა,“ – წერენ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები და ევროკავშირის ხელმძღვანელები ერთობლივ განცხადებაში, რომელიც “ალასკის სამიტის” შემდეგ გამოქვეყნდა.
აშშ-ის შტატ ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირო პუტინის შეხვედრა, რომლის დროს მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
დაიგეგმა ორ დღეში ვაშინგტონში, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ტრამპთან.

