ახალი ამბები მთავარი

“საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, არის სამშობლოს ღალატი” – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი

“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ღალატი” –  პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ღალატობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან სამწუხაროა ეს გარემოება. რა თქმა უნდა, საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. 17 წელი გავიდა და დღეს გვყავს ხელისუფლებაში რეჟიმი, რომელიც საქართველოს აბრალებს 2008 წელს რუსეთის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან აგრესიას. ერთადერთი შეფასება ამას შეიძლება მიეცეს, როგორც საკუთარი სამშობლოს ღალატი და პირდაპირ იმ საქმის კეთება, რაც ჩვენი ქვეყნის მტრის, რუსეთის ინტერესებში შედის, ანუ ეს არის რუსული საქმის კეთება. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი საკუთარი ხელისუფლების გასახანგრძლივებლად სჭირდება. ფაქტობრივად, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში ცვლის და კოლაბორაციაში იმყოფება ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერთან – რუსეთთან. ასეთ მძიმე დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ მთელი ეს პროპაგანდისტული ხაზი, თითქოს საქართველოს დაიწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე აუფასურებს ჩვენი გმირების და ამ ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების გმირობას. ამ დღეს, ნაცვლად იმისა, რომ პატივს მივაგებდეთ მათ და ეს იყოს ჩვენი ეროვნული გმირების პატივისცემის დღე, გამოდის, რომ თუ „ოცნების“ დღევანდელ გზავნილებს დავუჯერებთ, მათი გმირობაც, ღვაწლიც არის გაუფასურებული მათი გადმოსახედიდან. ამ ყველაფერზე საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა ამ მოღალატე რეჟიმს, რომელმაც უკვე გადაკვეთა ყველანაირი წითელი ხაზი და პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს“, – განაცხადა შარაშიძემ მედიასთან საუბრისას.

იტვირთბა....