ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იყო თუ არა პოლიტიკური ზეწოლა: „პროკურატურამდე პოლიცია ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა“

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, თარხან გასვიანი პროკურატურის მიერ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე, რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც თარხან გასვიანმა „მეტრონომს“ განუცხადა, გამოძიების კითხვებს  მისსავე სახლში პასუხობდა. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც, სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად გაუარესდა.

როგორც თარხან გასვიანმა გვითხრა, მან პროკურატურას  ვაკის რაიონის პოლიციაში მომხდარი ინციდენტის დეტალები გააცნო.

„პროკურატურა დაინტერესებულია ამ საქმის შესწავლით“-ამბობს გასვიანი.

მისი განმარტებით, ვაკის რაიონის პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს. იგი მათ უნდობლობას უცხადებს.

„მეტრონომის“ კითხვაზე, ხომ არ დაკავშირებიან ის პოლიციელები, რომლებმაც მასზე იძალადეს, გასვიანმა გვითხრა, რომ მათი მიზანი იყო პროკურატურასთან თანამშრომლობამდე გასვიანი მათთან მისულიყო, რაზეც პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა უარი განუცხადა.

ჩვენ კითხვაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო პოლიციელთა მხრიდან მასზე ძალადობის მიზეზი, გასვიანმა გვიპასუხა, რომ სავარაუდოდ მათ იცოდნენ თუ ვის აკავებდნენ, რადგან წინა საარჩევნო პერიოდია და ოპონენტებზე ზეწოლა იზრდება.

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, თარხან გასვიანმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ვაკის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა უმიზეზოდ დააკავეს, სამმართველოში მიიყვანეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გასვიანი ტვინის მძიმე შერყევის ფორმით საავადმყოფოში მოხვდა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არც ერთი ძალოვანი უწყება არ აკეთებს.

გასვიანის ცემის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის.

 

იტვირთბა....