ახალი ამბები მთავარი

„ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება” – სალომე ზურაბიშვილი

“სინამდვილეში „ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება”.-  წერს  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და მამუკა ხაზარაძის მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში ვკითხულობთ : “საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს. 

კი მაგრამ “თითოეულ მოქალაქეს” უფლება რატომ არ გააჩნია, რომ იცოდეს მაღალჩინოსნების ასობით მილიონების კორუფციული სქემების შესახებ, მათი დაჭერის თუ გაშვების საფუძვლების შესახებ და რაც ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს – კერძოდ მათ მიერ “მიტანილი” თანხები ბიუჯეტის მაგივრად (სადაც ვერ აისახება) სად მიდის.

მაშინ დავიჯერებთ, ამ ბიუროს და ბატონი რაჟდენის მიუკერძოებლობას!

მანამდე კი ნათელზე ნათელია, რომ ეს მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს (ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას) იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ, პირიქით, ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, რათა დაგვარწმუნოს, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის.

სინამდვილეში „ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამით არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი “მერიის მოგების”. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს.

რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია.

მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არა რაიმე ლეგიტიმაციისთვის (რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს ამიერიდან) არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალას სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს. მისი საბოლოო დელეგიტიმაცია, ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გასუფთავდეს, სადაც “ნაცმოძრაობის” და “ოცნების” გარდა სხვა ძალა გაქრება.

დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

იტვირთბა....