ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზემო ლარსში მყოფმა რუსეთიდან დეპორტირებულმა ხუთმა უკრაინელმა შიმშილობა გამოაცხადა

რუსეთიდან დეპორტირებულმა უკრაინის ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, გამშვებ პუნქტ დარიალის მახლობლად, სარდაფში ცხოვრობენ, უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ინფორმაციას გამოცემა ეხო კავკაზა ერთ-ერთ მოშიმშილეზე, სერგეი ლარკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლარკოს თქმით, აქციის მონაწილეები აპირებენ გადასცენ ქართველ მესაზღვრეებს შიმშილობის დაწყების ოფიციალური განცხადება.

“მე, ლარკო სერგეი ალექსის ძე, ქართველი მესაზღვრეების უკანონო ქმედებებისა და ჩემი უფლებების დარღვევაზე პროტესტის ნიშნად ვაცხადებ უვადო შიმშილობას”. – წერია ლარკოს პირად განცხადებაში.

უკრაინის მოქალაქის თქმით, 2025 წლის 21 ივნისს მას რუსეთიდან დეპორტაცია გაუკეთეს. ლარკოს მტკიცებით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას პასპორტი ჩამოართვეს და უკანონოდ  ბიომეტრიული მონაცემები ჩამოართვეს.

“მე მომათავსეს არაადამიანურ პირობებში გამშვებ პუნქტ დარიალის სარდაფში, სადაც 97 ადამიანი ცხოვრობს, ზოგ მათგანს აივ ინფექცია და ტუბერკულიოზი აქვს. უარი მითხრეს საქართველოში შემოსვლაზე, თავშესაფრის მიღებაზე, იურიდიულ დახმარებაზე და დაკავების გასაჩივრებაზე”. – წერს ლარკო.

მოშიმშილეები უკრაინის კონსულთან შეხვედრას, მათი დაკავების მიზეზების განმარტებას, საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლებას და სამედიცინო გამოკვლევებს ითხოვენ.

 

იტვირთბა....