დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება, რომლის 4 აგვისტოს ჩანიშვნა თავად მზია ამაღლობელმა მოითხოვა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო. მომდევნო სხდომა 6 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
“განაჩენის გამოტანის დროს თქვენი პროფესიის პატივისცემა და მტკიცებულებების შეფასება საკმარისია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და ყველა რგოლი ჩაერთო, ვისაც არ დაეზარა ქვა და ტალახი მესროლა (სახელისუფლებო ტროლებმა), ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ მათ. მათ შეძლეს ხმამაღლა არგუმენტებით და მტკიცებულებებით ესაუბრათ – მათ შეძლეს, ადამიანებში ჩემ მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები. ჩემი პატივისცემა მათ” – თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.

