დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც იგი სიტყვით გამოვიდა.
მზია ამაღლობელი აღნიშნავს, რომ სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა და განაჩენი არაადეკვატურია.
“იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა – დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ გამიხარდა.
ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.
ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი.
მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა – ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებიო, რომელი მუხლი შეგეფერებაო. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ ჩემი აზრი არ უკითხავთ – მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დავიჭერო“ საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე – პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა.
ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის” – თქვა მზია ამაღლობელმა დასკვნით სასამართლო პროცესზე, რომელსაც “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

