პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის დასკვნა დღეს არ გასაჯაროვდება და მას სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე დღეებში პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.
თეა წულუკიანის თქმით, ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო.
“დასკვნა, როგორც ასეთი, დღეს არ გასაჯაროვდება.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს 6 თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების და დანაშაულების მასშტაბი იმხელაა, რომ ბუნებრივად შეიძლება იფიქრო, 6 თვე რატომ არის საკმარისი, რომ ეს თემა ამოწურო. ეს ჩვენზე დამოკიდებულები არ გახლავთ, კანონი გვავალდებულებს, რომ 6 თვეში დავასრულოთ მუშაობა.
ხვალ, 5 აგვისტოს ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, შემდეგ ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო.
ბიურო როცა საჭიროდ ჩათვლის, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში პლენარულ სხდომას ჩანიშნავს, სადაც კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს, ჩვენი ვარაუდით იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა, უფრო მეტიც, იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა. პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს, სანამ საქართველოს პარლამენტი არ მოისმენს ამ დასკვნას, მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან მსჯელობას ამ დასკვნაზე. ჩვენ დღეს დასამტკიცებლად შევიკრიბეთ, აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის“ – განაცხადა წულუკიანმა.

