შვედეთის პრემიერისთვის რატომღაც ლგბტ ქორწინებაა გამორჩეული, ვიღაცისთვის რაღაც სხვა იქნება და 27 ქვეყნის გემოვნებაზე უნდა იაროს კანდიდატმა ქვეყნებმა – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში. 27-ვე ქვეყნის ხმა ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე გადამწყვეტია. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას და ეს ბალტიის ქვეყნებმა დაიწყეს. უყურებენ არა ევროკავშირში წინსვლის საერთო წესებს, პროცედურებს და კრიტერიუმებს, არამედ ყველა სახელმწიფო და ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარ დღის წესრიგებს იღებს და თავის გემოვნებაზე არგებს ევროპულ ინტეგრაციას. შვედეთის პრემიერ-მინისტრისთვის რატომღაც ლგბტ ქორწინებაა გამორჩეული, ვიღაცისთვის რაღაც სხვა იქნება და 27 ქვეყნის გემოვნებაზე უნდა იაროს კანდიდატმა ქვეყნებმა? უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ეს პროცედურა დანერგონ? გარდა შინაარსისა, ამავე დროს არის პროცედურული თვითნებობა, რომ ესა თუ ის ქვეყანა დამატებით კრიტერიუმებს იგონებს, რაც მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და თავს ახვევს გაწევრიანების პროცესს. რაც შეეხება შინაარსს – ბოლო ბოლო ჩამოყალიბდნენ.
ევროკომისიის წერილის შემდეგ, სადაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებას მოითხოვდნენ, იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ყოველ ჯერზე იყო პირობა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას. ამ განცხადების შემდეგ თავისივე „ენჯეოები“ დაასიეს საპატრიარქოს, რომ თითქოს არავინ არაფერს არ ითხოვს და ახლა გვესმის, რომ შვედეთის პრემიერი ამას ითხოვს.
გამოვიდეს შვედეთის საელჩო, ესეც ხომ დეპუტატი არ არის, რომ საელჩომ ხელები დაიბანოს? გამოვიდეს შვედეთის ელჩი და განმარტოს, არის თუ არა ეს შვედეთის მთავრობის კრიტერიუმი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. რატომ ემალებიან პასუხს? როდემდე უნდა ეთამაშონ დამალობანა ქართველ ხალხს, რომ ერთი მხრივ, შემოვლითი გზებით, ნახევარი სიტყვებით და წინადადებებით და წერილებით შემოგვაპარონ საკითხები, რომელზეც საზოგადოება ამბობს, რომ მიუღებელია და საჯაროდ როცა ამაზე პასუხს სთხოვენ – იქ ხელები ასავსავო, რომ არავინ არაფერს არ ითხოვს. ამ ევროპელ ბიუროკრატებსაც ეყოთ სითამამე – გამოვიდნენ და თქვან, ითხოვენ თუ არ ითხოვენ? უნდა ავყვეთ ამ მოწოდებებს თუ არა?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

