“დათაშვილის საქმე საფრთხის ქვეშ აყენებს ფსიქიატრიის დარგის სანდოობას და აჩენს სერიოზულ ეჭვს, ხომ არ გამოიყენება ფსიქიატრიული მექანიზმები პოლიტიკური ან ინსტიტუციური ზეწოლისათვის” – ამის შესახებ ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემთვის, როგორც ფსიქიატრისთვის, შემაშფოთებელია შემთხვევა, როდესაც ადამიანის დროებითი ფსიქო-ემოციური რეაქცია, გამოწვეული მწვავე ფიზიკური ტკივილით, 6 წლის შემდეგ შეიძლება შეფასდეს როგორც მყარი ფსიქიკური პათოლოგია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთი შეფასება ხდება პროტესტის გამომხატველი პირის წინააღმდეგ გამოყენების საფუძველი.
ფსიქიატრია არ უნდა იქცეს პოლიტიკური ან სამართლებრივი მიზნებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საშუალებად. მისი ამოცანაა ადამიანის დახმარება – არა პიროვნების დისკრედიტაცია ან იზოლაცია.
დათაშვილის საქმე საფრთხის ქვეშ აყენებს ფსიქიატრიის დარგის სანდოობას და აჩენს სერიოზულ ეჭვს, ხომ არ გამოიყენება ფსიქიატრიული მექანიზმები პოლიტიკური ან ინსტიტუციური ზეწოლისათვის” – წერს ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

