მიმდინარე წლის 14 ივლისს, ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა – „გახარია-საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ – 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა.
რამდენიმე დღეა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული ორი გუნდი თბილისის მერობის კანდიდატად „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს წარადგენს.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა პარტიას „საქართველოსთვის“ და მის პრესსამსახურს ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა ცნობას ელისაშვილთან დაკავშირებით და ასევე, რა ეტაპზეა ზემოთ მოხმობილი ორი პარტიის მოლაპარაკებების პროცესი?
„მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, კონსულტაციები და კვლევები. ძალიან ბევრ ადამიანთან ვმუშაობთ და ბევრი ადამიანიც განიხილება.
შევარჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ექნება. კანდიდატების წარდგენის ვადა არის 4 სექტემბრამდე. რამდენიც არ უნდა აფრიალონ პოსტივის და იმედის ქარდები ნაცმოძრაობისის ან “ოცნების” აქტივმა, ვინ იქნება მერობის კანდიდატი ამას გაიგებთ მხოლოდ ჩვენგან.
სახელების და გვარების დონეზე რომელიღაც კონკრეტული მერობის კანდიდატურაზე საუბარი, ამ ეტაპზე არასერიოზულია, რადგან კონკრეტული ერთი არავინ განიხილება, შესაბამისად ვერცერთ კანდიდატურას ვერ დაგიდასტურებთ, მათ შორის ვერც ელისაშვილს!“, – განაცხადა „მეტრონომთან“ ინტერვიუში „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა გადაბაძემ.

