ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნების“ სიაში ზურაბ ტყემალაძის ვაჟს განიხილავენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მათ სიაში 20/30-ის ექსპერტებსაც ვიხილავთ“-წერს გაზეთი „ახალი თაობა“, რომლის თანახმად, 20/30-დან „ოცნების“ სიაში მოხვედრას ვასილ მაღლაფერიძესაც უწინასწარმეტყველებენ. „ეს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. წყაროები და ნაკადულები ამტკიცებდნენ, რომ ის სიის ათეულში იქნებოდა. მაშინ მაღლაფერიძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა. საარჩევნო სიაში ჩასმას უკვე შეგუებული არიან მინისტრები. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ცნობა, რომ სიაში დავით სერგეენკოს, თამარ სანიკიძეს და ნოდარ ჯავახიშვილს ვიხილავთ. საარჩევნო სიაში რამდენიმე სპორტსმენიც იქნება.

 

ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ყველა მოწვევის პარლამენტში ერთი ოლიმპიური ჩემპიონი მაინც უნდა იყოს. მეოცნებეები ალბათ წლევანდელ ოლიმპიადას დაელოდებიან და იქედან შეარჩევენ რომელიმე ახალგაზრდა ათლეტს.   უკვე დადასტურებულია, რომ ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს რიმა ბერიძე, რომლის განცხადებები არაერთხელ გამხდარა ხმაურიანი სკანდალების მიზეზი. ყველაზე გამორჩეული მათგან 1.18 ლართან გაკეთებული განცხადება იყო. საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, რომ უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1.18 ლარია საჭირო. მოგვიანებით დეპუტატმა განმარტა, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

 

 

 

მაჟორიტარებად იქნებიან გამწესებული ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნიაც. ისინი პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებში იმყოფებოდნენ.

მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაწყებულია რეგიონებშიც. ტყიბულის მაჟორიტარობისთვის განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე იბრძოლებს. მას რომ ამისთვის ამზადებდნენ, ამის შესახებ ერს გასულ წელს ტყიბულის მოქმედმა მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ აცნობა.

დუშეთს, თიანეთს და ყაზბეგს წელს ერთი მაჟორიტარის არჩევა მოუწევს. ამ ფრონტზე, სავარაუდოდ, ირაკლი ტრიპოლსკის გაუშვებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ სამი რაიონის მოსახლეობის გულის მოსაგებად თამაზ მეჭიაურის კანდიდატურაც იქნას წამოყენებული.

მასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო ინფორმაციაც ვრცელდება. მავანი ამტკიცებს, რომ ის შავ სიაშია შეტანილი და პარლამენტში ვეღარ მოხვდება, თუმცა ამ ინფორმაციის  „ქართულ ოცნებაში“ ნაკლებად სჯერათ, რადგან მეჭიაური ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება.

ამ თვეების განმავლობაში მეჭიაური თავისი კურსელის მოსაზრებებს ახმიანებდა. პირველმა მან თქვა, რომ კოალიციაში შემავალმა ყველა პარტიამ ცალკე უნდა იყაროს კენჭი. საქმეში ჩახედულმა ხალხმა მაშინვე თქვა, რომ ეს ივანიშვილის პოზიცია იყო.

იგივე ხალხი ახლა იმას ამბობს, რომ მეჭიაური ისევ იქნება სიაში. ისევე, როგორც ივანიშვილის კიდევ ერთი მეგობარი თემურ ჭკუასელი. სიაში კარგ ადგილზე მოხვედრის შანსები ექნებათ გია ვოლსკის და ზვიად კვაჭანტირაძესაც.   მართალია, ოფიციალურად არ აღიარებენ, მაგრამ კულუარულ საუბრებში ადასტურებენ, რომ მეოცნებეებმა ივანიშვილისგან გარანტიები მიმდინარე წლის 14 იანვარს გამართულ ქეიფზე მიიღეს.

ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებს მაშინ დაჰპირდა, რომ ისე არავის დატოვებს.

ზოგიერთი მათგანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს. ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატ მირიან წიკლაურს ჯანდაცვის სამინისტროში დაასაქმებენ. იუსტიციის სამინისტროში შეიძლება ვიხილოთ ზაქარია ქუცნაშვილი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიდის დავით უსუფაშვილთანაც. ივანიშვილს ძალიან უნდა თურმე მისი გადაბირება. ყოფილმა პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის იდეალური კანდიდატურაა. ამ მოსაზრებას სხვა დეპუტატებიც ეთანხმებიან.

უსუფაშვილი, სავარაუდოდ, არ უარყოფს თავის პარტიას. შესაბამისად, მეოცნებეებს სასპიკეროდ სხვა კანდიდატურის მოძებნა მოუწევთ. პრესაში არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ამ პოსტზე ივანიშვილი თავის ყოფილ მრჩეველ თამარ ჩუგოშვილს განიხილავს. ჩუგოშვილს სიის ათეულში მოხვედრა გარანტირებული აქვს.

მართალია, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ სიაში მარტო სუფთა სისხლის მეოცნებეები არ იქნებიან. პოლიტიკურ არენაზე ხმა დადის, რომ „ოცნების“ სიაში ზურაბ ტყემალაძის ვაჟი – გიორგიც მოხვდება. რომელიც ახლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა“ – ნათქვამია „ახალი თაობის“ სტატიაში.

იტვირთბა....