ყვარელში ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.
როგორც მამა, გია ნაცვლიშვილი ამბობს, ბავშვი 29 მარტს ცუდად გახდა და ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც 3 აპრილამდე გააჩერეს, 3 აპრილს კი ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს, რადგან ექიმებმა დაასკვენს, რომ მას მკურნალობა აღარ სჭირდებოდა.
ოჯახი აცხადებს, რომ საავადმყოფოში ყოფნის დროსაც ბავშვს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.
მამის, გია ნაცვლიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა სახლში გადაყვანის შემდეგ დამძიმდა. ის საავადმყოფოში ხელახლა, 9 აპრილს გადაიყვანეს, რის შემდეგაც მშობლებმა კატეგორიულად მოითხოვეს ბავშვის თბილისში ტრანსპორტირება, სადაც ბავშვი დაიღუპა.
როგორც მამა აცხადებს, მის შვილს დიაგნოზი ვერ დაუსვეს, დიმედროლს უკეთებდნენ, რაც სავარაუდოდ საჭირო არ იყო. შესაბამისად, ექიმებს ბავშვის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს და უახლოეს მომავალში მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ”სამედიცინო კორპორაცია ევექსში”:
”ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ყველა მსგავსი შემთხვევა უნდა შეისწავლოს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ და დაადასტუროს ან უარყოს სამედიცინო პერსონალის დანაშაული. ჩვენ შეგვიძლია გავასაჯაროოთ გარდაცვლილი პაციენტის დიაგნოზი და მკურნალობის ისტორია, თუმცა ამისთვის საჭიროა ისევ და ისევ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრების თანხმობა“, – განაცხადა „ევექსის“ წარმომადგენელმა გიორგი ნიჟარაძემ.