„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ელენე ხოშტარია ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნებისადმი“ ევროკავშირის გუშინდელ გზავნილს გამოეხმაურა.
ხოშტარიას თქმით, „გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია, ეს ორი ერთად შეუძლებელია.“
„ეს არის გზავნილი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმავე მოთხოვნებს უყენებენ „ქართულ ოცნებას“. ამასთანავე, გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია – ეს ორი ერთად შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ პირობებში ვკარგავთ არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაპოვარის დაცვისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს, იმისთვის, რომ სამართლიანობა დაბრუნდეს საქართველოში და იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული ევროპული სახელმწიფო ვიყოთ, უნდა ვებრძოლოთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ მომავალთან შეუთავსებელია. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, რეჟიმის იზოლაცია და დემონტაჟი.
19 ივლისს, შაბათს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუ-სთან აქციაზე, რომელიც ზუსტად ამ დიდი წინააღმდეგობის ამოცანებს ემსახურება“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა საქართველოსადმი გაგზავნილ წერილზე და განაცხადა, რომ საქართველოს 31 აგვისტომდე აქვს „დედლაინი“ შეასრულოს რეკომენდაციები.

