ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა – კატეგორიულად მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ გაასაჯაროოს ეს წერილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ქართველმა ხალხმა სიმართლე თავისი თვალით უნდა ნახოს.
[…]”ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დე ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა წერია ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა, ჯერ კიდევ ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, სწორად აღიქვან, რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ძალიან მინდა, ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც „რუსული ოცნება“ ყოველთვის ავრცელებს იმისთვის, რომ მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეებმა თავის თვალით წაიკითხონ სიმართლე.
ეს სიმართლე მდგომარეობს შემდეგში – თუ 31 აგვისტომდე ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონებს და არ შექმნის ქვეყანაში გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირი დაიწყებს მოქმედებას. სამწუხაროდ, ეს მოქმედება მოიაზრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ ორბანს იყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს სანქციები. ეს არის სწორედ მესამე, რაც საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცხადი… ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის წერილშია აღნიშნული და რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ, რომ ქართველმა ხალხმა სიმართლე თავისი თვალით ნახოს.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

