ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება. პროტესტები გაიმართა ქვეყნის ყველა 31 პროვინციაში.
შეტაკებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა, დაკავებულია – 2 217. დაზიანებების დიდი ნაწილი მიღებულია პელეტური ტყვიებისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენების შედეგად.
ხელისუფლებას დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
მედიის ცნობითა და NetBlocks-ის მონაცემებით, მასშტაბური პროტესტები გვიან ხუთშაბათს დაიწყო ყველა პროვინციაში, ამასთან ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვაც დაფიქსირდა.
მსხვილ ქალაქებში, მათ შორის თეირანში, მაშჰადში და შირაზში პირველად დაფიქსირდა მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ჩართულობა. შედარებით დაბალი ინტენსივობის აქციები დაიწყო ასევე თურქულენოვან რეგიონებში, როგორიცაა თავრიზი და არდაბილი.
ირანი გასული თვის ბოლოდან მასშტაბურმა პროტესტებმა მოიცვა, რაც უკავშირდება ეკონომიკის გაუარესებას და რიალის მკვეთრ გაუფასურებას, რომელმაც დოლართან მიმართებით 1 350 000-ს გადააჭარბა.

