“კიევში რუსული დარტყმების საშინელი ღამის შემდეგ ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი მედიკოსი, და ოცზე მეტი დაშავდა.
საცხოვრებელი ტერიტორიები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, გათბობა და წყალმომარაგება ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით სასტიკი თავდასხმის ქვეშ მოექცა.
ლვოვი და კიევი დღეს დილით, დნეპრი, ზაპოროჟიე, კრივოი როგი და სხვა რეგიონები ამ კვირის დასაწყისში – აგრესორი სამშვიდობო ძალისხმევას სრულად უგულებელყოფს . რუსეთი დიპლომატიის ნაცვლად ომზე, ტერორსა და ბარბაროსობაზე დებს ფსონს.
მაგრამ თუ ომის დამნაშავე პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინელების დაბომბვა, რათა მისი ულტიმატუმები მიიღონ, ის ცდება. ასეთი თავდასხმები ჩვენს ხალხს მხოლოდ უფრო ერთიანსა და მტკიცეს ხდის აგრესიისა და ტერორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
ჩვენ ვაცნობთ ჩვენს პარტნიორებს ღამის დარტყმების შედეგების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ მკაცრი რეაგირებისკენ. მოვუწოდებთ საჯარო დაგმობისკენ – განსაკუთრებით მათ, ვინც ცოტა ხნის წინ შეშფოთებით უპასუხა ყალბ „თავდასხმას პუტინის რეზიდენციაზე“.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
მკაცრი სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს ტერორისა და ომისთვის რესურსების ჩამოართმევს. უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტები ჩვენი ხალხის უკეთ დასაცავად და დამპყრობლების უკან დასახევად. ახალი ნაბიჯები რუსული დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. რუსეთის ტერორსა და სისასტიკეს უნდა ვუპასუხოთ ერთობით, ძალითა და სამართლიანობით” – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა პლატფორმა X-ზე.
9 იანვრის ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში დაიღუპა 4 და დაშავდა 19 ადამიანი. რუსი ოკუპანტების ერთობლივი თავდასხმის სამიზნე დედაქალაქის რამდენიმე რაიონი გახდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხდა. ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვშიც. უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა იური იჰნატმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ გასულ ღამით განუცხადა, რომ ლვოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა სავარაუდოდ, განხორციელდა რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონიდან „კაპუსტინ იარ“. არსებული ცნობებით, ამ პოლიგონზე განთავსებულია სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“.

