დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ EU განიხილავს ზომებს, რათა „საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს.“
„მეტრონომი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, სოფო ჯაფარიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა – ხისტი განცხადებების კვალდაკვალ, რამდენად არის მზად ევროკავშირი, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები?
„დღეს დასავლეთი ისე დგას ქართველი ხალხის გვერდით, როგორც არასდროს.
დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯი მათი მხრიდან და ეს რეჟიმი, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა პუტინს გადააბაროს, მათთან მიმართებით აუცილებლად იქნება საკადრისი პასუხი.
დღეს ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით, იმ ხალხის გვერდით, რომელიც 230 დღეა, ასე პატრიოტულად იბრძვის და ყოველ საღამოს კეტავს ქვეყნის ცენტრალურ გამზირს.
ქართველი ხალხის პროტესტმა გამოიღო შედეგი, რაც აისახება ევროპული პარტნიორების პოზიციებში.
„ქართული ოცნების” მარტივ მამრავლებად შლა, სწორედ რომ ევროკავშირის ნაბიჯებს უკავშირდება“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

