ევროკომისარის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსის ინფორმაციით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.
როგორც ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, “ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველით“.
მისივე თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითიდღე ირყევა. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო ევროკავშირის მომხრე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი დააკავეს. ხელისუფლება აგრძელებს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, ხოლო რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
ამჟამად კომისია 46 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს. დამატებით 32 მილიონი ევრო წევრი ქვეყნების დამტკიცების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. უახლესი რეპრესიული კანონები, კერძოდ FARA, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
მისი თქმით, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიები მიუღებელია და ამასთან საბრძოლველად ისინი საკომუნიკაციო ძალისხმევას გააძლიერებენ.

