ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ პირობებს მიუღებელს უწოდებს. მიუხედავად ამისა ის მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.
როგორც ცნობილია, ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 ივლისს უნდა გაიმართოს. 7 ივლისს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში უნდა ჩავიდეს.
შეგახსენებთ რომ, 4 ივლისს დაჯგუფება „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ ახალი წინადადების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. „ჰამასის“ მოკავშირე დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადში“ განაცხადეს, რომ ასევე უჭერენ მხარს მოლაპარაკებების გამართვას, მაგრამ მოითხოვეს გარანტია, რომ ისრაელი არ განაახლებს სამხედრო მოქმედებებს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში მყოფი მძევლები გათავისუფლდებიან.