ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გამორიცხულია, ხელისუფლება იყოს ეროვნული და ის არ ეთანხმებოდეს სირიისთვის ე. წ. აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაუქმებისაკენ მოწოდებას“ – ანი ქავთარაძე

გუშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო.

დოკუმენტში, რომელსაც „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ ჰქვია, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ზემოაღნიშნულ ანგარიშში ეუთო მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს ე. წ. აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე ე. წ. დონეცკისა და ე. წ. ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნებამ“ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ანი ქავთარაძეს ესაუბრა.

„ ეს [ეუთო-ს ანგარიშისთვის მხარის არდაჭერა] კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ე. წ. ქართული, სინამდვილეში კი რუსული ოცნება არ აპირებს, რომ ამ ქვეყნის სასიკეთოდ რამე გააკეთოს.
რეალურად ის წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ერის ინტერესთან, მათ შორის, ტეროტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გამორიცხულია, ხელისუფლება იყოს ეროვნული და ის არ ეთანხმებოდეს სირიის მხრიდან ე. წ. აფხაზეთისა და
ე. წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაუქმებისაკენ მოწოდებას, თანაც, როცა ამას აკეთებს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიც არის ეუთო.

ამრიგად, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სერიოზული პრობლების წინაშე ვდგავართ“, – გვითხრა ანი ქავთარაძემ.

ასევე პოლიტიკოსს ვკითხეთ, აღელვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“ დასავლეთის პოზიცია.

„მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ხშირად ამბობს, რომ არ აინტერესებს დასავლეთის მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

„ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ბიზნესები მჭიდრო კავშირში არიან დასავლეთთან და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის, ოჯახებისა და შვილებისთვის მათ ძალიანაც ესაჭიროებათ დასავლური სიკეთეები, თუმცა იგივე არ უნდათ ქართველი ხალხისთვის.

შესაბამისად, მათ ძალიან აღელვებთ დასავლეთის რეაქციის საკითხი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჰყავთ ბატონი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წარმოადგენს რუსეთს.

ვფიქრობ, არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც შესაძლებელია მათი შიდა სისტემური რყევა გამოვიწვიოთ“, – განაცხადა ანი ქავთარაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ეუთო-ს ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე მხარის არდაჭერასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე არ უნდათ ქართველი ხალხი. ვხედავთ, რომ, მათი მცდელობით, ჩაიწერა ნახევარი წინადადება, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ასე რომ, ესეც ცალკე ამბავია. დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არდაშვებას, თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მერე კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, დღეს დეზინფორმაცია დაფინანსებულია, მათ შორის, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან.“

ცნობითვის,  ზემოაღნიშნულ დოკუმენტში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების პრობლემურობის, ასევე ახალი, სამართლიანი არჩევნებისა და პატიმრების საკითხის შესახებ.

იტვირთბა....