ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით კეზერაშვილი ქართულ მედიასაშუალებებს უჩივლებს

დავით კეზერაშვილის ადვოკატი იმ სააგენტოებს, რომლებმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, სტატიის არასწორ თარგმანში ადანაშაულებს, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც პანამა ფეიფერში მოხვდა. ადვოკატის განცხადებით, ტრანზაქციები, რომლებიც ამ კომპანიებში განხორციელდა 2012 წელს განხორციელდა და არა კეზერაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში, ანუ 2008 წელს, როგორც ეს სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შვეიცარული გაზეთის ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის მარტში ჟენევის კანოტონის ბანკში ანგარიში გაიხსნა კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის მიერ დაფუძნებული კომპანიის სახელზე, სადაც 20 მილიონი ფრანკი გადაირიცხა. მსგავსი სქემით, ჟენევის კიდევ 3 ბანკში 25 მილიონი განთავსდა. გაზეთის ინფორმაციით, სიტუაცია 2013 წელს დაიძაბა, როდესაც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში საქმე აღძრეს და მასზე ინტერპოლის ორდერი გაიცა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ოდნავ მოგვიანებით, 2013 წლის მაისსა და ივნისს შორის პერიოდში, ნდობით აღჭურვილი პირი ჟენევიდან მოულოდნელად დაუკავშირდა მოსაკ ფონსეკას და უკანა თარიღით დოკუმენტების გაფორმება სთხოვა. ყოფილმა მინისტრმა საკუთარი წილები ორ სხვა ოფშორში გადაერიცხა გაცილებით ადრე, ვიდრე მის წინააღმდეგ საქმის განხილვა დაიწყებოდა.

შვეიცარულ გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში ნათქვამია, რომ კომენტარისთვის ისინი კეზერაშვილის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ, რომელმაც განმარტა, რომ საკუთარ კლიენტთან დაკავშირებით უკვე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების კითხვებს. მან ასევე დაამატა, რომ არასდროს ყოფილა ფინანსური შუამავალი ამ საქმეში, და არც მას და არც მის კომპანიას კლიენტის საბანკო ანგარიშებთან წვდომა არ ჰქონია.

„ეს მონაცემები უზუსტობებს შეიცავს. გარდა პირველად წყაროში არსებული უზუსტობებისა, დამახინჯებულია ქართული მედიის მიერ გავრცელებული ტექსტიც და თარგმანი დამახინჯებულია და ამას აკეთებს ის საინფორმაციო სააგენტოები, რომელიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან. უზუსტობა მდგომარეობს იმაში, რომ თითქოსდა 10 დღის დაფუძნებულ კომპანიაში მოხდა თანხების განთავსება, რითაც ცდილობენ იმის მითითებას, რომ თითქოს დავით კეზერაშვილმა გადადგომისთანავე განათავსა 25 მილიონი ამ ანგარიშზე. ეს ცალსახად მცდარია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კონკრეტულ მიზნებს ემსახურება ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება,“ – განაცხადა ადვოკატი შოთა მინდელი.

იტვირთბა....