ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართულ ოცნებას” კარგად უნდა ესმოდეს, რომ ირანის მხარდაჭერა დღეს არის აგრესორისთვის მხარდაჭერა” – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან”

გუშინ საქართველოში ირანის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანს სოლიდარობა გამოუცხადა „ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულთა“ გამო.

აღნიშნულ საკითხზე “მეტრონომი” პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ამ ქმედებით “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა ირანის პოლიტიკას.

მისივე თქმით, ამ შემთხვევას ევროპელი დიპლომატების მხრიდან რეაგირება არ მოყვება, რადგან მათ უკვე ესმით, რომ საქართველო ევროპულ გზას დიდი ხანია ჩამოცილდა.

ქართული ოცნება” ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ადეკვატურად იქცევიან და რეგიონში მიმდინარე პრობლემებს სიმშვიდით, წყნარად და გაგებით პასუხობენ. ამით თავის ამომრჩეველს უქმნიან განცდას, რომ ყველაფერი კარგადაა და იციან რას აკეთებენ. სინამდვილეში კი, არ იციან რას აკეთებენ და მათ ქცევებში ჩანს სრული უგუნურება.

“ქართულ ოცნებას” კარგად უნდა ესმოდეს, რომ ირანის მხარდაჭერა დღეს არის აგრესორისთვის მხარდაჭერა. ის, რაც განახორციელა აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ, ეს არის პასუხი ირანის აგრესიაზე.           

 ამ ფონზე, მე მესმის, რომ ირანის საელჩო საქართველოში არის ლეგიტიმური, ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც საჭიროა ასეთ ვითარებაში და ბუნებრივია, რომ საელჩოს ინტერესები აქვს და ღონისძიებას ატარებს, თუმცა ასეთ ღონისძიებაზე არ უნდა მიდიოდეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 

კონკრეტული დეპარტამენტის ხელმღძვანელი, რომელიც ირანის საკითხებზე მუშაობს ის რომ წასულიყო, თავისი სტატუსით გამოხატავდა ღონისძიების მიმართ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, იგნორირება არ უნდა ყოფილიყო, ვიღაც უნდა მისულიყო, მაგრამ არა მინისტრის მოადგილე. სწორედ ამ ქმედებით, მათ მხარი დაუჭირეს ირანის პოლიტიკას. 

ევროპულმა ქვეყნებმა უკვე იციან, რომ ჩვენ დემოკრატიას დიდი ხანია ჩამოვშორდით, ჩვენ ვართ ავტორიტარული რეჟიმი და არ მივდივართ ევროპაში. ჩვენ ვართ ტიპური პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და ამ საკითხის მიმართ არანაირი რეაგირება არ იქნება.” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იტვირთბა....